კახა ძაგანია: პირველადი ჯანდაცვა ბევრად დაზოგავდა ხარჯებს, თუნდაც ამჟამად მიმდინარე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

თუ დაავადებათა აღმოჩენა და გამოვლინება ადრეულ სტადიაზე მოხდება, ბევრად დაიზოგება ის თანხები, რაც ახლა იხარჯება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, – ასე გამოეხმაურა „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანია პირველადი ჯანდაცვის მოსამზადებელ სამუშაოებს.
მან პირველადი რგოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ბევრად ხარჯეფექტური იქნება.
„პირველადი ჯანდაცვის მთავარი პრინციპია, რომ დაავადებათა ადრეული გამოვლინება უფრო იაფი უჯდება როგორც ბიუჯეტს, ასევე პაციენტს, ვიდრე მისი შემდგომი მკურნალობა. პირველადი ჯანდაცვა ბევრად დაზოგავდა ხარჯებს, თუნდაც ამჟამად მიმდინარე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომ ავიღოთ. გარდა ამისა, ავადმყოფიც ბევრად ადრე მიხედავდა საკუთარ ჯანმრთელობას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, უფრო მეტი რესურსი უნდა გამოიყოს სწორედ პირველად ჯანდაცვაზე“, – განაცხადა კახა ძაგანიამ.
კახა ძაგანიამ აღნიშნა, რომ ის დიდი ხანია დაინტერესებულია პირველადი ჯანდაცვის საკითხების წინ წამოწევით და ინსტიტუტის განვითარებით.
„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე და ჩემი კოლეგები ვიყავით საკრებულოს დეპუტატები და სოსო შატბერაშვილი იყო სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ვითხოვდით, რომ გაძლიერებულიყო პირადი ექიმის ინსტიტუტი და, ზოგადად, პირველადი ჯანდაცვის საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის, ოჯახის ექიმის არსებობა, თუმცა ის თანხები, რაც ამ მიმართულებითაა ჩადებული, არასაკმარისია. ამ რგოლს არსებობისათვის საკმარისი რესურსი არ გააჩნია, რომ სრულფასოვანი მომსახურება გაუწიონ პაციენტებს და ვერ ახერხებს შეასრულოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და ვალდებულება, რაც მას აკისრია“, – აღნიშნავს კახა ძაგანია.
ძაგანიამ ოჯახის ექიმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ოჯახის ექიმს შესაბამისი უნარ-ჩვევები და გამოცდილება უნდა ჰქონდეს პაციენტთან ურთიერთობისას, რადგან ოჯახის ექიმი მეტია, ვიდრე ექიმი. კახა ძაგანიას მიაჩნია, რომ ხშირად ოჯახის წევრია.
“ოჯახის ექიმი არ არის მხოლოდ ექიმი. მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი უნარ-ჩვევები, ჰქონდეს გავლილი მომზადება და შეეძლოს ადამიანებთან ურთიერთობა. იგი თითქოს ოჯახის წევრი ხდება. გარდა ამისა, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, მათთან განსაკუთრებული, სპეციალური მიდგომაა საჭირო. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა,  რესურსი სჭირდება. ეს რესურსი არსებობს ბიუჯეტში და შესაძლებელია იმ შედეგის მიღწევა, რაზეც ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ თუ დაავადებათა აღმოჩენა და გამოვლინება ადრეულ სტადიაზე მოხდება, ბევრად დაიზოგება ის თანხები, რაც ახლა იხარჯება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე. ამ მნიშვნელოვანი წამოწყების განხორციელება კი წარმოუდგენელია ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინსტიტუტი გამართულად ფუნქციონირებდეს და არა ის, რომ მხოლოდ მისი სახელი არსებობდეს და ვერ ასრულებდეს მისიას“, – მიიჩნევს კახა ძაგანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები