„ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში თანამედროვე მუსიკის დღეები გაიმართება
„ჰით ბათუმის 2015“ გრძელდება. ამჯერად, 6-9 აგვიტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში თანამედროვე მუსიკის დღეები გაიმართება. ზღვისპირა ქალაქი თანამედროვე უცხოელ და ქართველ შემსრულებლებს უმასპინძლებს.
თანამედროვე მუსიკის დღეები სტარტს 6 აგვისტოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე „კახაბერის და ხანუმების“ კონცერტით აიღებს. მონაწილეებს შორის ასევე არიან: რომა რცხილაძე და მისი ბენდი „+995“, MANOLO, „The Voice of the Gypsiess“, უკრაინული პოპ-როკჯგუფი „ოკეან ელზი“ და ინგლისური ალტერნატიული როკბენდი „ტოპლოადერი“.
კონცერტები ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, 20:00 და 21:00 საათზე გაიმართება. საფესტივალო კლუბი კი 7-8 აგვისტოს, 23:00 საათზე VIVA Brasil-ს უმასპინძლებს. თანამედროვე მუსიკის დღეები 9 აგვისტოს, რომა რცხილაძისა და მისი ბენდის „+995“ და „ტოპლოადერის“ კონცერტებით დასრულდება.
პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანზეა გათვლილი. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.
„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდე ქვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძიებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს ორთვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის „ივენთები“, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო, მეორე მხრივ, მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.