„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში ინტელექტუალური თამაში: „რა? სად? როდის?“ გაიმართა
ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ შავი ზღვის მეოთხე ღია თასის ჩემპიონატი, რომელიც „ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში გაიმართა, დასრულდა. ტურნირში, რომელსაც ზღვისპირა ქალაქი სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა, საქართველოს, გერმანიის, სომხეთის, მოლდავეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბალტიისპირეთისა და უკრაინის მოაზროვნეები მონაწილეობდნენ. ერთმანეთს 50-მდე გუნდი ეჯიბრენოდა, ჟიურის შორის კი იყვნენ ისეთი ცნობილი მოაზროვნეები, როგორიც არიან: ალექსანდრე რუბინი (მოსკოვი), ალეს მუხინი (მინსკი), ალექსანდრე ანდროსოვი (ოდესა).
გამარჯვება ბაქოს გუნდმა მოიპოვა, რომელიც „სილქნეტის“ სპეციალური თასით დაჯილდოვდა.
2 აგვისტოს, კლუბში „Take Five“ შავი ზღვის მეოთხე ღია თასის ფარგლებში ბრეინ-რინგის ტურნირიც მოეწყო, რომლის გამარჯვებული ერევნის გუნდი გახდა. დასასრულს, გამარჯვებულების დაჯილდოება და ფესტივალის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. „საკმაოდ საინტერესო და მასშტაბური ტურნირი შედგა. 50-მდე გუნდი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნიდან და ეს უკვე სერიოზული შედეგია. საპრიზო ადგილები ბაქოს, გერმანიისა და თურქეთის გუნდებმა გადაინაწილეს… ბათუმში ჩამოსვლას კიდევ ერთი მიზეზი დაემატა – შავი ზღვს მეოთხე ღია თასის ჩემპიონატი,“ – აღნიშნა საქართველოს ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტმა გიორგი მოსიძემ.
„შავი ზღვის ღია თასმა“ უკვე ოთხი წელია, რაც სამხრეთ კავკასიიის ჩემპიონატი ჩაანაცვლა, რომელსაც 1998-2011 წლებში აჭარა მასპინძლობდა. 2013 წელს გამარჯვება მოსკოვის გუნდმა „აფინა“ (კაპიტანი – მაქსიმ პოტაშოვი) იზეიმა. 2014 წელს დნეპროპეტროვსკის გუნდმა „პრიმატები“ (უკრაინა, კაპიტანი – არსენ მალინოვსკი) გაიმარჯვა. წელს ტურნირში საქართველოს გუნდებიც შეეცადნენ თასისთვის ბრძოლას და ღირსეული კონკურენცია გაუწიეს სტუმრებს.
საქართველოში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ 1991 წლიდან იმართება, რომელშიც ყოველწლიურად 1000-ზე მეტი გუნდი და 10000-ზე მეტი მოაზროვნე მონაწილეობს.
პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თითოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.
„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდე ქვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს ორთვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო, მეორე მხრივ, მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.