მალე ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის ხელოვნების სასახლე გაიხსნება – პრემის „ივერიის“ მონაწილეებს კაჭრეთმა უმასპინძლა
„წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია -„ივერია“ დღითი-დღე ძლიერდება და პოპულარული ხდება.
წელიწადი მეორის მეხუთე ტურს კაჭრეთის საზოგადოებრივმა კოლეჯმა „აისმა“ უმასპინძლა, სადაც ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის ხელოვნების სასახლე შენდება, რომელიც თითქმის დასრულებულია და პროექტის მონაწილეებმა მოინახულეს. აღნიშნული სასახლის მშენებლობას ხელი შეუწყო და მისi ერთ-ერთ სულისჩამდგმელი და დამაჩქარებელი „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია „ივერიაა“, თუმცა, ამ ყველაფერს, კოლეჯ „აისის“ დირექტორის დიდი ძალისხმევა და შრომა უდევს საფუძვლად.
პროექტის ფარგლებში პოეტებმა გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი, შემდეგ ნინოწმინდის მონასტერი მოილოცეს და ბოლოს, მანავის საერისთავო ციხესიმაგრე მოინახულეს.
„ძვირფასო საზოგადოება, გილოცავთ მისი უწმინდესობის ანგელოზის ხსენების დღეს, ელია წინასწარმეტყველის და ილია მართლის ხსენების დღეს. საზოგადოებას ვაცნობებ, რომ ილიას ხელოვნების სასახლე საქართველოში პირველი იქნება, რომელიც ყველა ხელოვანს უმასპინძლებს, ვისაც საკუთარი შემოქმედებითი ღონისძიების გამართვის სურვილი ექნება. ამავე დროს, ეს სასახლე დიდ და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანs ქართული კულტურისა და სულიერების განვითარებაში, მით უმეტეს, რომ ილია მართლის სახელს ატარებს.
ქალბატონი ნათელა პაპუნაშვილის შრომას დიდად ვაფასებთ და გვწამს, რომ მას მიმდევრები გამოუჩნდება, მალე ბევრი მსგავსი სასახლე აშენდება.
ჩვენ საქართველოს სრულად მოვივლით და მწერლობას და ხალხს გავაერთიანებთ. ამ პროექტმა ბევრი რამ იტვირთა და დროდადრო რეალიზებაშიც მოჰყავს“, – განაცხადა პრემიისა და პროექტის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.
კაჭრეთის ადგილობრივმა დეპუტატმა ემზარ ჯიქურაშვილმა თავისი გამოსვლის დროს აღნიშნა: „გილოცავთ დღევანდელ დღეს – დღეს დიდი და დიდზე დიდი დღეა… კაჭრეთი მალე კულტურული და სულიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა გახდება კოლეჯ „აისის“ ხელშეწყობით. ჩვენ უკვე ვამაყობთ ილიას სასახლით, რადგან ეს ყველაფერი ძალიან დიდ როლს ითამაშებს ჩვენი ახალგაზრდობის განვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროექტი – სასახლე, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევითაა აგებული. ყველა მონაწილეს წარმატებას გისურვებთ!“
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში უკვე მეოთხედ ვარ სტუმრის სტატუსით, ეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან სულიერად ვიკვებები, ვამაყობ ქართველ მწერლებთან და ხელოვანებთან ურთიერთობა-მეგობრობით. ჩემთვის ეს პროექტი ქართული საქმისა და ერთიანობის აღმოჩენა გახდა. თბილისის მერია მიესალმება და მხარს დაუჭერს ნებისმიერ ქართულ საქმეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სასარგებლო იქნება. და ბოლოს, წარმატება მინდა გისურვოთ შემოქმედებაში“ , – განაცხადა თბილისი მერიის ქალაქგაფორმების სამსახურის უფროსმა ნოდარ სირბილაშვილმა.
„ჩვენი კოლეჯი ერთადერთია, ვინც სახელოვნებო დარგებისთვის მსგავს სასახლეს აშენებს. ეს იქნება თანამედროვე და, ამავე დროს, ძველი ქართული სტილისა. საოცარი გარემო იქმნება, როგორც ხედავთ – ქართული ქვევრებისა და თიხის ჭურჭლით არის გარშემორტყმული. ჩვენ პრემია „ივერიით“ და ილიას ხელოვნების სასახლის საშუალებით ბევრ ადამიანს გავუნათებთ გზას და შევაძლებინებთ საქმის კეთებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოადგება. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევის შესრულების თანამონაწილე ვარ და ეს კი ილია მართალს უკავშირდება. ილია ხომ საქართველოა! დღეს კაჭრეთში ნაღები საზოგადოებაა სტუმრად და ამ ყველაფერს პრემია „ივერია“ ახერხებს, რომელიც შემოქმედების, ხელოვნების პოპულარიზაციას ახდენს, უზარმაზარ ურთიერთობებსა და ისტორიას ქმნის“ , – აღნიშნა კოლეჯ „აისის“ დირექტორმა ნათელა პაპუნაშვილმა.
„ამ პროექტს გასული წლიდან შევუერთდი და არასოდეს გამოვეთიშები, რადგან მასში მხოლოდ ეროვნული, სულიერი, ერთიანობის და კეთილშობილების მუხტია და ეს არაა გასაკვირი, რადგან მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევითაა და ილია მართლის სახელს ატარებს. წარმატება მინდა გისურვოით ყოველივე თქვენგანს“, – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა პარტნიორმა, „გორმედის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კაკუშაძემ.
ღონისძიების ბოლოს, კოლეჯ „აისში“ არსებული ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გრიგოლ მთვარელიშვილმა სიტყვით მიმართა საზოგადოებას: „გილოცავთ დღევანდელ უზარმაზარ დღესასწაულებს – მისი უწმინდესობის ანგელოზის დღეს, ელია წინასწარმეტყველისა და ილია მართლის ხსენების დღეს, შეგეწიოთ მათი ლოცვა-მადლი! ბედნიერია ერი, რომელსაც მისი უწმინდესობა, ილია მეორე ჰყავს სულიერ წინამძღვრად. უბედნიერესია ხალხი, ვისაც ილია მართალი ჰყავს ღვთისა და ერის წინაშე შემწედ. საოცარია, რომ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით განსახორციელებელი წმინდა ილიას ხელოვნების სასახლე მე ვაკურთხე და ეს ჩემთვის ძალზე დიდი ბედნიერებაა.
გაოცებული და ამაყი ვარ ამდენი ნიჭიერი ადამიანის ხილვით, რასაც მე დღეს ამ ღონისძიებაზე ვხედავ, ამდენი საოცარი ღრმა შემოქმედების მოსმენით სავსე მივდივარ და დიდხანს გამყვება დაუვიწყარ წუთებად. წარმატება მოგცეთ ღმერთმა ყოველ თქვენგანს, ერისა და ღმერთის სამსახურში. ილია მართლის პრემია „ივერია“ ყოვლის ომცველი და საოცრად დიდი პროექტია და ამის გამო მასპინძლებსაც და პროექტის ავტორსაც დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ჩვენი კუთხე და კოლეჯი განებივრებულია დიდებული მწერლებითა და შემოქმედებით“.