ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის „ახალი სცენის“ გახსნა და ორი საპრემიერო ღამე ახალ თეატრალურ სივრცეში

აჭარის ავტონომიური რასპუბლიკის მთავრობამ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ბიუჯეტში დამატებით 244 244 ლარი გამოყო, ალტერნატიული თეატრალური სივრცის შესაქმნელად, რომელიც თეატრის ყოფილ სადურგლო საამქროში მოეწყო (მელაშვილის ქუჩა 32). შენობის პროექტი ლევან იმედაძემ მოამზადა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები განახორციელა შპს „ჯი აი თიმ“.
ახალი თეატრალური სივრცე თეატრის დასს ექსპერიმენტალური სპექტაკლების დადგმის საშუალებას მისცემს, მოიზიდავს ახალგაზრდა რეჟისორებს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა შემოქმედთა პროფესიულ დაოსტატებას. ექსპერიმენტული სივრცე კარგი საშუალება იქნება მაყურებელთა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის თეატრში მოსაზიდად. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე თეატრი თავის ძირითად შემოქმედებით საქმიანობას ახალ თეატრალურ სივრცეში გააგრძელებს.
„ახალი სცენა“ დღეს, 20:00 საათზე სპექტაკლის „ღამის პორტიე“ პრემიერით გაიხსნება. სპექტაკლის რეჟისორი ზაზა სიხარულიძეა, მხატვარი – ვახტანგ ბელესია, კოსტიუმების მხატვარი – გოგლა გოგიბერიძე, მხატვრული განათება – რევაზ ლორთქიფანიძე, ვიდეოგადაღება – ალექსანდრე აბაშიძე, ვიდეომონტაჟი – ამირან ვადაჭკორია, ხმის ოპერატორი – ნანა ქობულია, რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე. პიესა ირაკლი სამსონაძემ თარგმნა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ზაალ გოგუაძე, ია ვახანია, დავით ჯაყელი, მამუკა მანჯგალაძე, ლევან თედორაძე, გოგიტა მეგრელიძე, გიორგი ფირცხალაშვილი, ლაშა კონცელიძე.
რეჟისორი ზაზა სიხარულიძე გახმაურებული ამერიკული ფილმის „ღამის პორტიეს“ სცენურ ვერსიას სთავაზობს მაყურებელს, რაც, უპირველეს ყოვლისა, თავისი თემატური არჩევანით საინტერესოც და ნიშანდობლივიც არის.
ფაშისტური რეჟიმი, საკონცენტრაციო ბანაკი და იქ, იმ კოშმარში, ჯალათსა და თავის მსხვერპლს შორის წვეული სიყვარული.
რა განვითარებას პოულობს ეს ამბავი წლების შემდეგ, როგორ იცვლებიან, თუ არ იცვლებიან ამ ისტორიის მთავარი გმირები, რა განაჩენი გამოუტანა იატაკქვეშეთში გადანაცვლებულმა რეჟიმმა შეყვარებულ წყვილს?.. სპექტაკლის ნახვა მაყურებელს 8 და 9 აგვისტოსაც შეუძლია.
„ახალ სცენაზე“ მეორე სპექტაკლის „ბონდოს ღამე“ პრემიერა 5 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება. სპექტაკლი ინგმარ ვილკვისტის ნაწარმოების მიხედვით, რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ დადგა. თარგმანი ირაკლი სამსონაძეს ეკთვნის. სცენოგრაფი გოგლა გოგიბერიძეა, მუსიკალური გაფორმება – თენგიზ შამილაძე, რეჟისორის თანაშემწე – ბაია ბოჭორიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მაია ცეცხლაძე, ტიტე კომახიძე.
თანამედროვე პოლონელი დრამატურგის, ინგმარ ვილკვისტის ორ პერსონაჟს შორის გათამაშებული მძაფრი დრამა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ანდრო ენუქიძემ ქართულ სინამდვილეს მოარგო.
„ბონდოს ღამე“ ჩვენს უახლოეს წარსულზე გვიამბობს – უაღრესად მტკივნეულ, ადამიანური ვნებებით დამუხტულ, დამაფიქრებელ ისტორიას ცოდვა-მადლზე, ბრბოს სისასტიკესა და მსხვერპლზე… სპექტაკლის ნახვა მაყურებელს 6 და 7 აგვისტოსაც შეუძლია.

11816024_902719366443783_88108675_n

11830132_902719369777116_1019697095_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები