„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში „საბავშვო დღეები“ დასრულდა
„ჰით ბათუმი 2015“-ის ავტორებმა, უფროსების გარდა, პატარებზეც იზრუნეს. 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე ზღვისპირა ქალაქში „საბავშვო დღეები“ გაიმართა. ბათუმის კოლონადები, ბულვარი და ქალაქის ქუჩები საბავშვო სპექტაკლებს, თეატრალურ წარმოდგენებსა და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს დაეთმო.
„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში „საბავშვო დღეები“ დასრულდა. არაერთი ზღაპრისა თუ მულტფილმის გმირმა ხუთი დღის განმავლობაში ყველა საოცრებათა ქვეყანაში მოახვედრა. ცეკვა, სიმღერა, თამაში, ვიქტორინა… პატარებმა ზღაპრის გმირებთან ერთად ზღვისპირა ქალაქში დაუვიწყარი დღეები გაატარეს.
საბავშვო პროგრამა მრავალფეროვანი და საკმაოდ საინტერესო წარმოდგენებსა და კონცერტებს მოიცავდა: ბასტი ბუბუს, სტუდია ლიპოპოსა და ჯაზბენდის კონცერტი, მიუზიკლები: „ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში“, „ბურატინოს თავგადასავალი“ და „მაუგლი“.
თითების თეატრმა პატარები სპექტაკლის პრემიერაზე „ქეი და ჰერდას თავგადასავალი“ მიიწვია. ისინი „თითების თეატრის“ ზღაპრულმა სანახაობამ გააოცა. ქუჩებში მოეწყო ცეცხლოვანი, ფეერვერკ და ნეონ შოუები, საბავშვო დღეები ასევე მოიცავდა დისნეი ლენდის პროგრამას, კონკურსებსა და სახალისო ვიქტორინებს.
გარდა ამისა, 28 ივლისს „კოკა-კოლას“ ორგანიზებით გაიხსნა „ფანტა ლავ ლენდი“, რომელიც 2 აგვისტოს დასრულდა. ეს იყო მოცულობითი ერთკვირიანი აქტივობა, უამრავი საჩუქრით, ფრანებითა და შოუპროგრამით.
პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.
„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება. ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდე ქვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს ორთვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ტარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი – „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორე მხრივ, მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.