სპექტაკლის „პალატა N415“ პრემიერა გაიმართება
5-6 აგვისტოს, 20:30 საათზე მოძრაობის თეატრში სპექტაკლის „პალატა N415“ პრემიერა გაიმართება. სპექტაკლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მონაწილეობენ.
ამბავი ვითარდება საქართველოში: ფსიქიატრიული ლაბორატორია, სადაც ტარდება ცდები პაციენტებზე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ ჰყავთ მომკითხველი ან არიან მიტოვებულნი, იმ მიზეზების გამო, რომ არიან ფსიქიკურად დაავადებულნი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი. ვრცელდება ეპიდემია, ცხადდება ევაკუაცია და კარანტინი, ექიმები რომლებსაც ჰქონდათ პასუხისმგებლობა, გაეყვანათ პაციენტები პალატიდან, ივიწყებენ ვალდებულებებს და პალატა და პაციენტები მარტონი რჩებიან. სპექტაკლი აღწერს ერთი დღის მოვლენებს, ექიმების გარეშე დარჩენილ პაციენტებს და მათ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ.
„ეს არის არა ის, რასაც ამბობენ, არამედ ის, რაც შეიძლება რომ ითქვას. ინკლუზიური წარმოდგენა ესთეტიკური შეტყობინების გამომსახველობით ამბობს ყველას სათქმელს, რეალობით თუ ფანტაზიით დანახული სამყაროს შესახებ. და ის იტყვის შშმ პირების სათქმელს, ყველაზე თვალსაჩინოდ წარმოადგენს მათ სიძლიერეს, მათ უსაზღვრო შესაძლებლობებს, ნიჭსა და ენთუზიაზმს. ინკლუზიური სპექტაკლი, რომელშიც გაერთიანებულია მიმოდრამული, პლასტიკური და ქორეოგრაფიული ჟანრები დიდ ეფექტს ახდენს საზოგადოებაზეკ სადაც არ არსებობს ბარიერები. ასევე შშმ პირები სხვადასხვა სირთულის როლებით არიან დატვირთულები, ისინი აღმოჩნდებიან მისტიკურ სამყაროში, სადაც არ არსებობს შეზღუდვის საზღვრები, მოხდება მათი გარდასახვა. ეს არის არტთერაპია, რომელიც ეხმარება მათ გააგრძელონ აქტიური ცხოვრება…“, – ამბობენ პროექტის ორგანიზატორები.
პროექტის ავტორი მერაბ შალიკაშვილი და APOLLO GROUP-ია, რომელიც ახალგაზრდა ორგანიზაციაა და ორიენტირებულია სოციალურ, კერძოდ ახალგაზრდობის ხელშეწყობის და განვითარების პროექტებზე, შემოქმედებითი და არა მარტო შემოქმედებითი ხასიათის ღონისძიებების ჩატარება-ორგანიზებაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. ორგანიზაციამ 2013-2014 წელს ითანამშრომლა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან. მათი ხელშეწყობითა და დაფინანსებით განხორციელდა პროექტი „ამ ქალაქში მეც ვარ“, რომლის ფარგლებშიც დაიდგა პირველი ინკლუზიური სპექტაკლი „OFF ROAD“ და ვიქტორ ჰიუგოს (რომანის) „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“-ს მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით.
APOLLO GROUP კვლავ გეგმავს ითანამშრომლოს სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებთან მსგავსი პროექტების ფარგლებში და შეიტანოს თავისი წვლილი ახალგაზრდობის შემოქმედებით განვითარებაში.