„რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, ისნის ჰოსპიტლის შენობა იქ მყოფ პირებს არ დაუკანონდებათ“

ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში შეჭრილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ბრიფინგი გამართა. სუბარის განცხადებით, რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ.
მისივე განცხადებით, ცდილობდნენ თბილად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე გაეყვანათ შენობიდან იქ დარჩენილი პირები, თუმცა ყველაფერი განხორციელდება კანონის შესაბამისად. მინისტრმა კატეგორიულად მოითხოვა შენობაში მყოფი პირებისაგან, დაცალონ ფართები.
„ეკონომიკის სამინისტრომ ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობა დევნილთა და განსახლების სამინისტროს 2014 წლის 8 აპრილს გადმოსცა. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის ტენდერი გამოცხადდა 2015 წლის 8 აპრილს და დასრულდა 30 აპრილს. სატენდერო ღირებულება შეადგენდა 4 238 620 ლარს.
2015 წლის 3 ივლისს ხელშეკრულება გაფორმდა ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიასთან „მშენებელი 2011“ (ღირებულება 3 776 859ლარი).
სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, საცხოვრებელ ფართს მიიღებს 160 დევნილი ოჯახი.
2014 წლის ნოემბერში შენობიდან 100-ზე მეტი დევნილი ოჯახი ქირით იქნა გაყვანილი. აქედან, 80 ოჯახს სამინისტრო დღემდე უხდის ქირას 250-300 ლარის ოდენობით. ხოლო დარჩენილ 20 ოჯახს აღმოაჩნდა საკუთრება. აღნიშნული დევნილი ოჯახების ქირით უზრუნველყოფისათვის სამინისტრო ყოველთვიურად 25 000 ლარს ხარჯავს.
დევნილი ოჯახების ქირით უზრუნველყოფისათვის სამინისტრო ჯამში ყოველთვიურად 70 000 ლარს ხარჯავს, მხოლოდ მიმდინარე წელს ქირისათვის გადარიცხული იქნა 507 000 ლარი.
დევნილები შენობიდან გაყვანილ იქნენ 2014 წლის ნოემბერში, ხოლო ტენდერმა 2015 წლის ივლისამდე დააგვიანა, იმის გამო, რომ შენობაში გაჩნდა ხანძარი (ემსხვერპლა ბავშვის სიცოცხლე) და საჭირო გახდა ობიექტისათვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შენობაში დარჩენილ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქალაქის მერია სთავაზობს 2015 წლის სექტემბერში ორხევის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში გადაყვანას, სადაც ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სექტემბრამდე კი, ყველა ოჯახს სთავაზობს ქირის თანხის დაფარვას 500 ლარის ფარგლებში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები