„ჩვენ უხარისხო პროდუქციის გასაღების ბაზარი, ნაგავსაყრელი გავხდით“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ქართულ ბაზარზე გენმოდიფიცირებული პროდუქციის მაღალი მაჩვენებლის შესახებ ისაუბრა. თოფაძის განმარტებით, 2205 წელს წინა ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში იმპორტირებული საქონელი საბაჟო კონტროლის გარეშე შემოდიოდა, რის გამოც, მისი თქმით, იმპორტირებული პროდუქტების 90 %-ში დღეს გენმოდიფიცირებული ელემენტებია.
„ უკვე ათ წელზე მეტია იმპორტირებული სურსათის საბაჟო პუნქტზე უკონტროლოდ გატარებას შეგვაჩვიეს. ეს კანონი 2005 წელს მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამით პრაქტიკულად მოისპო სურსათზე კონტროლი, რომელიც შემოდიოდა. ამ მხრივ ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა. ჩვენ უხარისხო საქონლის ერთ-ერთი ბაზარი, ნაგავსაყრელი გავხდით. ყველამ დაინახა, რომ აქ კონტროლი აღარ არის და ყველაფრის შემოტანა შეიძლება. ამიტომაც ჩვენ მივიღეთ კანონი, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქცია უნდა მარკირდებოდეს საჩვენებელ ადგილზე და მომხმარებელმა იცოდეს, რას ყიდულობს. გენმოდიფიცირებული დანამატები საშინელებაა. ჩვენ აქტიურად ვიბრძოლებთ ამისთვის. წინა მინისტრმა მოასწრო, ხელი მოაწერა და უკვე 800 ტონამდე გენმოდიფიცირებული სათესლე მასალა შემოვიდა საქართველოში. ეს სათესლე მასალა ჩვენს ნოყიერ მიწას გააუბედურებს. იმპორტირებული პროდუქტების 90 %-ში, განსაკუთრებით ძეხვეულში, რძის ნაწარმში, წვენებში, კეტჩუპებში გენმოდიფიცირებული ელემენტებია… ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ამას არ ვაკონტროლებდით. ევროპის ბაზარზე 0,9 არის დასაშვები გენმოდიფიცირებული პროდუქტი. ქიმიურ დანამატებს დიდი ტრაგედიები მოჰყვება, იწვევს კიბოს, რომლის რიცხვიც ერთიორად გაიზარდა“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები