გიორგი კვერენჩხილაძე: პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში დღის ბოლომდე გადაიგზავნება

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს დღის ბოლომდე გადაეგზავნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.
როგორც კვერენჩხილაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადება დაპირისპირებას არ ნიშნავს, რადგან ვეტო არა დაპირისპირების, არამედ ხელისუფლების დაბალანსების ბერკეტია.
„დღეს პარლამენტისთვის შეთავაზებულია მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, როცა გვეცოდინება რა შედეგით დასრულდება საკანონმდებლო ორგანოში საკითხის განხილვა. ვეტოს დაძლევა პარლამენტის პოლიტიკური უფლებაა. იქნება განხილვები და შედეგიდან გამომდინარე, მოხდება შემდგომი გადაწყვეტილების მიღება. მოტივირებული შენიშვნები, რომელიც კანონპროექტების სახით არის ჩამოყალიბებული, პარლამენტში დღის ბოლომდე გადაიგზავნება. პარლამენტს აქვს გარკვეული ვადები, თუმცა მოგეხსენებათ, ახლა საპარლამენტო არდადეგებია. საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილია სთხოვოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევა, სადაც ვეტოს საკითხს განიხილავს“, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისთვის უცნობია საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ საკითხს ახლა განიხილავს თუ საშემოდგომო სესიაზე.
პრეზიდენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს დღეს ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები