პრემიერი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.
მხარეებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას, რასაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მეგობრულ ურთიერთობებზე მეტყველებს ისიც, რომ წელს საქართველოს ჩინეთიდან არაერთი მაღალი დონის დელეგაცია სტუმრობდა, მათ შორის – ვიცე-სპიკერი და მთავრობის წევრები.
შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.
მხარეებმა ისაუბრეს ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის ინიციატივასა და აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა და რომელსაც თბილისი 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს. დელეგაციის ხელმძღვანელმა ბეიენქოლუმ საქართველოს მთავრობის მეთაურს სპეციალურად მისთვის დამზადებული ნამუშევარი – „ცხენები“ გადასცა, რომელზეც ჩინურად ირაკლი ღარიბაშვილის გვარი წერია.
სტუმრის განმარტებით, ცხენი ჩინეთში წარმატების სიმბოლოა და ამ საჩუქრით იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს. ჩინური დელეგაციის ხელმძღვანელმა კი საქართველოს მთავრობის მეთაურისგან საჩუქრად ქართულ მინანქარში შესრულებული ნამუშევარი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები