“ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუმინეთში 333 კილოგრამი ჰეროინი საქართველოს გავლით მოხვდა, სიმართლეს არ შეესაბამება“
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუმინეთში 333 კილოგრამი ჰეროინი საქართველოს გავლით მოხვდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ნინი გიორგობიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
მისივე განმარტებით, თავად რუმინეთის პოლიციის ოფიციალურ საიტზე, სადაც აღნიშნული ინფორმაცია არის გავრცელებული, საქართველო საერთოდ ნახსენები არ არის და ტვირთის სატანზიტო ქვეყნებად დასახელებულია მხოლოდ თურქეთი და უკრაინა.
“ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუმინეთში 333 კილოგრამი ჰეროინი საქართველოს გავლით მოხვდა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არის დეზინფორმაციის გავრცელების მორიგი მცდელობა. თავად რუმინეთის პოლიციის ოფიციალურ საიტზე, სადაც აღნიშნული ინფორმაცია არის გავრცელებული, საქართველო საერთოდ ნახსენები არ არის და ტვირთის სატრანზიტო ქვეყნებად დასახელებულია მხოლოდ თურქეთი და უკრაინა.
ამას გარდა, საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი დაუკავშირდა რუმინელ კოლეგებს, სადაც დაუდასტურეს, რომ საქართველოს აღნიშნულ ტვირთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასევე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გადაამოწმა იმ ავტომანქანის სანომრე ნიშნები, საიდანაც მოხდა ნარკოტიკის ამოღება, აღნიშნულ ავტომანქანას საქართველოს საზღვრები არ გადმოუკვეთავს“, – წერს ნინო გიორგობიანი და პოსტს რუმინეთის პოლიციის ოფიციალური ვებგვერდის ბმულს ურთავს: https://politiaromana.ro