საქართველოს კულტურის სტრატეგია: „კულტურა 2025“ – უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა

31 ივლისს, 10:00 საათზე, კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურის სტრატეგიაზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას სიტყვით გახსნის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში – იანოშ ჰერმანი და საერთაშორისო ექსპერტი რაგნარ სილი დაესწრებიან. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები.
„კულტურის სტრატეგია 2025“-ის დოკუმენტზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით მუშაობს. აღნიშნული დოკუმენტი 2015 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება, რისთვისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი ჯგუფის აქტიური მუშაობა სტრატეგიის შემუშავების პროცესში.
უწყებათაშორისი ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება კულტურის სტრატეგიის შემუშავების პირველი ორი ეტაპის ანგარიში და აგრეთვე, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სტრუქტურის პროექტი. კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის მიმდინარეობასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ კულტურის ეკონომიკურ პოტენციალზე, გაეცნობიან კულტურის დარგში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ პრობლემებს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პრიორიტეტებს, მიზნებს და სტრატეგიის პროცესში სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობის გეგმებს.
უცხოელი ექსპერტი რაგნარ სილი,კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესში სამთავრობო უწყებების ეფექტური ჩართულობის შესახებ, უწყებათაშორისი ჯგუფის წევრებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებს.
კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით დასრულდა რეგიონული სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი. სამუშაო შეხვედრები გაიმართა საქართველოს 9 რეგიონში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. შედგა სულ 11 სამუშაო შეხვედრა, რომელსაც 1128 მოქალაქე დაესწრო.
ასევე დასრულდა კულტურის სტრატეგიის სამუშაო პროცესის მეორე ეტაპი. ჩატარდა 19 დარგობრივი შეხვედრა; შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 356-მა ადამიანმა, ონლაინკითხვარი შეავსო 65-მა მოქალაქემ, რეკომენდაციების სახით შემოვიდა 81 წერილი.
დეტალური ინფორმაცია კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის მიმდინარეობის შესახებ იხილეთ: www.culturepolicy.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები