სვანეთის მუზეუმში საგანმანათლებლო ცენტრი და მედიათეკა გაიხსნა

29 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში საგანმანათლებლო ცენტრი და მედიათეკა გაიხსნა, დროებითმა საგამოფენო დარბაზმა კი გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენას უმასპინძლა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.11798170_900338313348555_162993497_n
მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიზანი რეგიონის მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრებისათვის ქართული კულტურის ძეგლების, ხელოვნების, მეცნიერების გაცნობა და პოპულარიზაციაა. პროგრამები ითვალისწინებს ექსკურსიებს მუზეუმში, შემეცნებით თამაშებს, ლექცია-საუბრებს, შეხვედრებს მეცნიერებთან, გამოჩენილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, ფილმის ჩვენებებს, თეატრალურ წარმოდგენებს. მუზეუმი მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს ოჯახებს, 3-დან 17 წლამდე სტუმრებსა და ზრდასრულ დამთვალიერებლებს. პროგრამები აგრეთვე განკუთვნილია სვანეთში არსებული საზაფხულო სკოლების, სპორტსკოლებისა და ბანაკების მონაწილეთათვის. მესტიის მუნიციპალიტეტის დახმარებით პროექტებში ჩაერთვებიან ბავშვები მაღალმთიანი სოფლების სკოლებიდან. დაგეგმილია ასევე მუზეუმის გარეთ მოქმედი პროგრამები, როგორიცაა მოძრავი საგანმანათლებლო გამოფენები და საველე ექსკურსიები, რომელთა მიზანია ისტორიის, ფლორის, ფაუნის, ეკოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობის და სხვა საკითხებისადმი ინტერესის გაღრმავება.
მედიათეკა წარმოადგენს თანამედროვე ინტერაქტიულ სივრცეს, სადაც ვიზიტორი გაეცნობა უახლეს ლიტერატურასა და ისარგებლებს უფასო ინტერნეტით. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის სვანეთის მუზეუმის მედიათეკის სამკითხველო დარბაზი 200-ზე მეტი წიგნით შეივსო. კვლევითი ინსტიტუტებისა და ქართველი გამომცემლების მიერ გადმოცემული წიგნები განკუთვნილია სხვადასხვა ინტერესისა და ასაკობრივი კატეგორიის მკითხველისთვის, რაც ხელს შეუწყობს მთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის უახლესი ლიტერატურის ხელმისაწვდომობას.11793166_900338316681888_766372230_n
მედიათეკა – გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, გამომცემლობების – ბაკურ სულაკაური, არტანუჯი, ინტელექტი, საუნჯე, ბაკმი, შემეცნებასა და პალიტრა L-ის უახლესი გამოცემებით შეივსო.
ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილია ავტორის ოჯახის არქივში დაცული 40 ნამუშევარი, რომელიც გურამ თიკანაძის თვალით დანახულ მთასა და სვანეთს წარმოგვიდგენს. გურამ თიკანაძის მიერ დატოვებული ფოტომემკვიდრეობა 15 ათასზე მეტ ნეგატივს ითვლის, მის შემოქმედებაში მთის სერიას ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ სკოლის მოწაფეობის, ხოლო ალპინიზმით სტუდენტობის დროს დაინტერესდა. წლების განმავლობაში იკვლევდა საქართველოს მღვიმეებს, თუმცა საერთაშორისო აღიარება მას სწორედ ფოტოგრაფიამ და ალპინიზმმა მოუტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები