მაია პატარიძის საჯარო ლექცია: „რაზე მოგვითხრობენ სვანეთში აღმოჩენილი მონეტები“ გაიმართება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის, ნუმიზმატ მაია პატარიძის საჯარო ლექციას: „რაზე მოგვითხრობენ სვანეთში აღმოჩენილი მონეტები“ უმასპინძლებს.
სვანეთის მუზეუმის ერთ-ერთი საექსპოზიციო სივრცე დათმობილი აქვს ნუმიზმატიკურ ძეგლებს. ეს საქართველოს სამუზეუმო სფეროში პირველი მონეტების კაბინეტია, რომლის შექმნა რამდენიმე წლით ადრე დაიწყო და საინტერესო ისტორია აქვს.
საჯარო ლექციაზე საუბარი იქნება იმ გზაზე, რომელიც გაიარა სვანეთის ნუმიზმატიკური ძეგლების შესწავლამ, როგორ იქმნებოდა სამუზეუმო კონცეფცია და კომპლექსური შრომის შედეგად შემდგომში როგორ იქცა ის კაბინეტად. მოისმენთ მონეტებით მოთხრობილ ისტორიას სვანეთის რეგიონის პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ, აგრეთვე სპეციფიკაზე, რაც გამოარჩევს მათ სხვა რეგიონის ნუმიზმატიკური ძეგლებისგან. ეს სვანეთში აღმოჩენილი მონეტების ეთნოლოგიურ, საკულტო-სარიტუალო ბუნებაა. აქ აღმოჩენილი ადგილობრივი და უცხოური მონეტების საფუძველზე იქნება ნაჩვენები სვანეთის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც ერთიანი საქართველოს, ისე გარე სამყაროსთვის.
ლექციის ბოლოს საზოგადოებას ექნება საშუალება, ნახოს საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქივში დაცული დოკუმენტური ფილმი „ქართული მონეტები“.
დასწრება თავისუფალია.