ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობების წიგნის – „ბროდის ანგარიშის“ პრეზენტაცია გაიმართება
29 ივლისს,18:30 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობების წიგნის – „ბროდის ანგარიში“ პრეზენტაცია გაიმართება.
ხორხე ლუის ბორხესის „ბროდის ანგარიში“ პირველად 1970 წელს გამოქვეყნდა. კრებულში მწერლის თერთმეტი მოთხრობაა შესული. მოთხრობებს შორის პირდაპირი შინაარსობრივი კავშირი არ არსებობს, თითოეული მათგანი დამოუკიდებელი იგავია, იგავი ბედისწერაზე, შემთხვევითობაზე, ადამიანებზე და საგნებზე.
ბორხესი სიტყვაძუნწი მწერალია – წერს ლაკონურად, თანამიმდევრულად, სწორხაზოვნად. ერთ-ერთ მოთხრობაში თავადვე აღნიშნავს, თანამიმდევრული თხრობა წვრილმანებს მეტისმეტად აზვიადებსო. ამ თანამიმდევრული, მეთოდური თხრობის მიუხედავად, ბორხესის ენა პოეზიის ენასთან უფრო ახლოს არის. 1963 წელს პარიზში სტუმრად ჩასულ ბორხესს ახალგაზრდა მწერალი, მაშინ პერუელი ლიტერატურის ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი, მარიო ვარგას ლიოსა ესაუბრა. ამ ინტერვიუში ბორხესი ზუსტად განმარტავს საკუთარი შემოქმედების პოეტიკას: „ახლა, ჩემი შემოქმედებითი კარიერის დასასრულს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ ერთ ლიტერატურულ ჟანრს ვემსახურებოდი – პოეზიას, რომელიც ხშირად პროზით გამოიხატა“.
ბორხესის სხვა ენაზე ამეტყველების სირთულეც სწორედ მისი ენიდან მოდის. რეალურად მთარგმნელი ორი დიდი გამოწვევის წინაშე დგას: შეინარჩუნოს ამბის გარეგნული „სიცივე“ და, ამავდროულად, მკითხველამდე მიიტანოს ის ფარული მღელვარება და ღრმა შინაგანი მელანქოლია, რომელსაც ბორხესის მაგია ჰქვია.
წიგნი ესპანურიდან ქართულ ენაზე ლანა კალანდიამ თარგმნა.