„ადამიანებს საკუთარი ხელისუფლების აღარ ეშინიათ“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებს იმ რეფორმებსა და პროგრესსზე ესაუბრა, რასაც საქართველომ ახალი ხელისფლების პირობებში მიაღწია.
მისი თქმით, საქართველოს დასავლელი პარტნიორები გულისყურით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმ რეფორმებს, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს.
„ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც გაათავისუფლა სასამართლო; ჩვენ არ ვერევით სასამართლო პროცესებში. სასამართლო გადაწყვეტილება წინასწარ არავინ იცის, ჩვენთვის ყველასთვის ერთნაირად უცნობია, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო – და ამას ყველა ხედავს; მედიასაშუალებები თავისუფლად მუშაობენ, არ არსებობს არც ერთი მაუწყებელი, რომლის მიმართაც საზოგადოებას ჰქონდეს ეჭვი, რომ ის დღევანდელი ხელისუფლების რუპორია; დაცულია კერძო საკუთრება და ბიზნესი; ვუფრთხილდებით პირადი ცხოვრების უფლებას. დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანებს აღარ ეშინიათ საკუთარი ხელისუფლების. წესრიგი გვჭირდება ყველგან და ყველაფერში. ეს ეხება საზოგადოებრივ ცხოვრებასაც. კანონის უზენაესობა, კანონის წინაშე მორჩილებაა მთავარი და არა მორჩილება რომელიმე ხელისუფალის. ამის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი წინსვლა, ჩვენი კეთილდღეობა, საერთოდ, სახელმწიფოს პერსპექტივა, ჩვენი მშვიდი და სტაბილური მომავალი. ჩვენ კარგად ვიცით, რამხელა მოლოდინია ხალხში ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ. ჩვენ ვიკისრეთ ეს პასუხისმგებლობა და, დამერწმუნეთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოლოდინი გავამართლოთ “,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.