დღეს ფესტივალი „არტ-გენი 2015“ ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება
ფესტივალი „არტ-გენი 2015“ ნიაზ დიასამიძის და „33ა“-ს კონცერტით დაიხურება.
12:00 საათიდან ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ქართული რეწვის და ჭედურობის ნიმუშების გამოფენები დაათვალიერონ, ასევე დააგემოვნონ ქართული სამზარეულო.
18:00 საათიდან ეთნოგრაფიული მუზეუმი აჭარის რეგიონის და ლატვიურ ქორეოგრაფიული ანსამბლის “Saime”-ს გამოსვლას უმასპინძლებს.
ფესტივალი „არტ-გენი 2015“ 28 ივნისს იმერეთში, თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში დავით კლდიაშვილის სახლმუზეუმის ეზოში გაიხსნა, და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში გაგრძელდა, შემდეგ კი თბილისში ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადმოინაცვლა.
ფესტივალის დაარსებიდან მე-12 წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა მთავარ თემად „წიგნი და ბიბლიოთეკა“ აირჩიეს.
„არტ-გენსა“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის კაბინეტი გაიხსნება, რომელშიც განთავსდება ფესტივალის მიერ მთელს საქართველოში თორმეტის წლის მანძილზე შეგროვებული და დაარქივებული უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები.
„არტ-გენზე“ კი, ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსებულია წიგნის სკივრი სადაც შემოწირულ წიგნებს ნებისმიერი მსურველი ეცნობა.