განუმეორებელმა ლივ უორფილდმა “ჰით ბათუმი 2015“-ის ჯაზის დღეები ბრწყინვალე კოცერტით „შეაზანზარა“
ბათუმში ”ჰით ბათუმის 2015” პროექტი გრძელდება. 21 ივლისიდან ზღვისპირა ქალაქში ჯაზის დღეები მიმდინარეობს, რომელიც 26 ივლისს დასრულდება.
ჯაზის დღეებმა ბათუმის კოლონადებთან სტარტი 21 ივლისს, ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის კონცერტით აიღო. კონცერტს, რომელზეც დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლო, 2 საღამო დაეთმო.
23-26 ივლისს კი შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, რიგით IX შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი იმართება, რომელიც 26 ივლისს Snoop Dogg-ის კონცერტით დასრულდება. ბათუმი არის აღმოსავლეთ ევროპის ერთადერთი ქალაქი, რომელსაც SNOOP DOGG თავისი ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
გუშინ განუმეორებელმა და ენერგიულმა ლივ უორფილდმა “ჰით ბათუმი 2015“-ის ჯაზის დღეები ბრწყინვალე კოცერტით შეაზანზარა.
მომღერალი ცნობილია ძლიერი ხმითა და დაუვიწყარი პერფორმანსებით. LiV WarfFeld-ის მუსიკალურ გემოვნებაზე ზეგავლენა მოახდინეს შემსრულებლებმა: Nina Simone, Etta James, Tina Turner, Sade, Mary J. Blige. მისი პირველი ალბომი იყო “Embrace Me”, რომელიც 2006 წელს გამოვიდა. მოგვიანებით, ლივ ვორფილდი გახდა პრინცის ჯგუფის „New Power Generation“ წევრი და მონაწილეობა აქვს მიღებული მის ელექტრონულ ლაივ შოუში “NPG Hornz“.
ვორფილდის მეორე ალბომის პროდიუსერი 2014 წელს სწორედ პრინცი იყო. ამავე წელს ლივ ვორფილდმა მუსიკალური შოუს „Soul Train“-ის ჯილდო მიიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ახალი მუსიკოსი“. დღეს, ბათუმის ჩოგბურთის კორტები ლიზა სტენსფილდის კონცერტს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში, კლუბ „Take Five”-ში ბენდთან ერთად კონცერტებს მართავს წარმატებული ქართველი ჯაზ-პიანისტი გიორგი მიქაძე. ბენდის შემადგენლობაშია ცნობილი ამერიკელი DJ, ჰიპ-ჰოპერი, ბერკლის პროფესორი და Okayplayer-ის არტისტი ბრაიან რაიდერ გიორგი მიქაძე მსმენელს სრულიად ახალ, მულტიჟანრულ პროექტს წარუდგენს სახელწოდებით „GIORGI MIKADZE & NYC GROOVE ALIENS Feat. DJ RAYDAR ELLIS“. პროექტში ჯაზის, ფანკის, სოულის, ფიუჟენისა და ჰიპ-ჰოპის ელემენტებია გაერთიანებული. ასე რომ, საფესტივალი კლუბში კი ბათუმელებსა და მათ სტუმრებს დაუვიწყარი საღამოები ელით.