ფესტივალის მეცხრე დღე ფოთის თეატრმა „ჰამლეტით“ დაასრულა – ვიდეო
ფესტივალის მეცხრე დღე, მასპინძელმა ფოთის თეატრმა სპექტაკლით „ჰამლეტი“ დაასრულა. სპექტაკლი ინსცენირების ავტორები ლილი ფოფხაძე და რობერტ სტურუა არიან.
სპექტაკლის რეჟისორი ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მღებრიშვილია; მხატვარი თამარ ოხიკიანი, ქორეოგრაფი ირინა კუპრავა. უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის 25 ივნისს ფოთის თეატრის ახლადგახსნილ შენობაში პირველი პრემიერა სწორედ ამ სპექტაკლის შედგა. დანიის პრინცის ტრაგედია რეჟისორმა დავთ მღებრიშვილმა განსხვავებული ინტერპრეტაციით შესთავაზა ფოთელ მაყურებელს.
რეჟისორის გადაწყვეტილებით სცენოგრაფმა სივრცე ჩაკეტა, რაც იმის იმიტაციას ქმნიდა, რომ არა მხოლოდ დანია არის საპყრობილე, არამედ მთელი სამყარო, რომლისგანაც თავის დაღწევა ყველას უჭირს. დეკორაცია ოპარტის პრინციპით არის ჩაფიქრებული, სათამაშო სივრცე იმ უფანჯრო საკანს გავს, სადაც ადამიანებს სუნთქვაც კი უჭირთ. სტატიკური დეკორაცია მხოლოდ განათების საშუალებით იცვლის ფერს და მარადიულობის ეფექტს იძლევა. სპექტაკლში ჰამლეტი ჭკუიდან შეშლილი უფლისწული კი არ არის, შურისძიების გრძნობით აღვსილი, ჰალუცინაციებითა და დეპრესიულობით შენიღბული ახალგაზრდა ჭკვიანი კაცია, რომელიც ეტაპობრივად მიიწევს მიზნისაკენ. ორიგინალურად წარმოდგენილი ფინალი კიდევ ერთხელ დაანახებს მაყურებელს საპყრობილის რღვევის გარდაუვალობას. შეგახსენებთ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალი „კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა დ ქართულ კულტურას.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, საქართველოს რკინიგზა, კომპანია „ასკანელი“, ლუდსახარში „ზედაზენი“, „ბარამბო“, „სანდომი“, „ქართული ბრენდის დღე“, „სნო“, „გურჯაანის ნაყინი“, UTENOS, SVYTURYS 1784. მედია მხარდამჭერები არიან: საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“, აჭარის ტელევიზია, თამარიონი“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, რადიოსადგური harmony, GARB, MediaPrint.