პრემიერი: ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ სოციალურად ორიენტირებული მთავრობა

ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ სოციალურად ორიენტირებული მთავრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობის სოციალური ხარჯები უპრეცედენტოდ გაზარდა.

“ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ სოციალურად ორიენტირებული მთავრობა. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რომ ჩვენ უპრეცედენტოდ გავზარდეთ მოსახლეობის სოციალური ხარჯები, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ შევძელით ბიუჯეტში მაქსიმალურად რაციონალურად და გონივრულად ხარჯების აკუმულირება და სწორად, მიზნობრივად განაწილება ჩვენი მოსახლეობისთვის სოციალურად ორიენტირებულ საკითხებზე. კერძოდ, მინდა გითხრათ, რომ გაიზარდა ყველა კატეგორიის საპენსიო უზრუნველყოფით გათვალისწინებული გასაცემლები, რაზეც ჯამში 800 მლნ ლარზე მეტი მიიმართა; გაორმაგდა საარსებო შემწეობა სოციალურად დაუცველთათვის, რისთვისაც ამ სამი წლის განმავლობაში დამატებით 250 მლნ ლარი დაიხარჯა. ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში ა 400 მლნ ლარზე მეტი გავეცით, რაც პირდაპირ მოსახლეობას მოხმარდა; დევნილებისთვის შემწეობები გავაორმაგეთ და ამ ორი წლის განმავლობაში 50 მლნ ლარზე მეტი იქნა გაცემული. მასწავლებელთა ხელფასები დაკორექტირდა, რისთვისაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მიიმართა 300 მლნ ლარზე მეტი; სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასევე სუბსიდირების პროგრამები დავიწყეთ, უკვე მესამე წელია წარმატებით მიმდინარეობს რაშიც 265 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი და გაზის სუბსიდირებისთვის კი, მიიმართა 50 მლნ ლარზე მეტი,ეს არის ჯამში 2 მილარდ 230 მილიონი ლარი რაც ამ სამი წლის განმავლობაში დამატებით იქნა გამოყოფილი სწორედ ჩვენი მოსახლეობისთვის საჭირო აუცილებელი ხარჯების დაფინანსებისთვის და მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, როგორც სემეკ-ი განმარტავს, ტარიფის კორექტირება სწორედ გადაუდებელმა აუცილებლობამ განაპირობა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდის სრული სუბსიდირება მოგვეხდინა, რათა ეს პროცესი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ყველაზე ნაკლებად დააწვეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის ტარიფთა შორის სხვაობას სახელმწიფო მთლიანად დაფარავს. აღნიშნული შეღავათი დაახლოებით, 208 ათას ოჯახს ეხება, ვისაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 70 ათასი ქულა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები