„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერები სემეკის გაუქმებას და სატარიფო პოლიტიკის პარლამენტისთვის გადაცემას ითხოვენ
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ელექტროენერგიის რეგიონებში გაძვირებას და დედაქალაქში დენის ტარიფის შესაძლო მატებას აპროტესტებენ და სემეკის გაუქმებას მოითხოვენ. როგორც „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერებმა კახა ძაგანიამ და სოსო შატბერაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, სემეკის გაუქმების შემდეგ სატარიფო პოლიტიკა პარლამენტზე ან ადგილობრივ საკრებულოებზე უნდა გადავიდეს, სემეკის კოლოსარული ხელფასები სუბსიდირებაში წავიდეს.
“სემეკმა მიიღო ანტიეროვნული, ანტიქართული, უკანონო გადაწყვეტილება. რეგიონებში გაძვირებული ტარიფი მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ყველა კანონიერ გზას მივმართავთ, რომ სემეკის გადაწყვეტილება გაუქმდეს”, – აცხადებს „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი კახა ძაგანია.
პარტიის თავმჯდომარე სემეკის გაუქმების მოთხოვნით გამოდის.
“მიუხედავად პარტიების და არასამთავრობოების წინააღმდეგობისა, სემეკი მაინც წავიდა ხალხის წინააღმდეგ და ტარიფი გააძვირა. სემეკი ქართველი ხალხის თავზე „დამოკლეს მახვილივით“ არის დაკიდებული და აწარმოებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც არ შეესაბამება ხალხის ნებას. სატარიფო პოლიტიკა ხალხის მიერ არჩეულ ორგანოს საქართველოს პარლამენტს ან საკრებულოებს გადაეცეს “, – განმარტა სოსო შატბერაშვილმა.