გურამ ადამაშვილი გიორგი მარგველაშვილს მიმართავს: „მაოცებთ, ბატონო პრეზიდენტო!“
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, ხონის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, ზურაბ ჯიბუხაიას, ხონის გამგეობის თანამშრომლის, დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმის, ლევან ბობოხიძის და ხონის გამგებლის მოადგილის, ბესარიონ ჭელიძის შეწყალების ფაქტს აპროტესტებს.
ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა, საინფორმაციო პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ყოვლად მიუღებელი ფაქტი უწოდა და განაცხადა, რომ მის მიერ შეწყალებული ადამიანები ბევრ უკანონობაში იყვნენ ჩართულნი.
კერძოდ, ადამაშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ პირებს ედავებოდა 204 კუბური მეტრი ხე-ტყის უკანონოდ განკარგვას. უფლებადამცველის თქმით, ხე-ტყე სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი და ხონის მაშინდელმა ხელმძღვანელმა პირებმა, ლევან ბობოხიძის თაოსნობით, ეს ხე-ტყე მათთვის სასურველ პირს, ერთ-ერთი საამქროს მფლობელს ნიკოლოზ კირთაძეს გადასცეს, რომელიც ასევე მეოთხეა იმ 98 მსჯავრდებულთა შორის, რომელიც მარგველაშვილმა გუშინ შეიწყალა. ადამაშვილის ინფორმაციით, ლევან ბობოხიძე ხონის მუნიციპალიტეტში საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისაგან, ვითომცდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების მიზნით, ყოველთვიურად აგროვებდა თანხებს, რასაც შემდგომ პირადი შეხედულებისამებრ განკარგავდა. გურამ ადამაშვილი თვლის, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებები მუდმივ წინააღმდეგობაში მოდის ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის ნებასთან და “ნაციონალური მოძრაობისადმი” და ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილისადმი მისი ლოიალობა უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
„მაშინ, როცა “ნაციონალური მოძრაობის” სისხლიანი რეჟიმის არაერთი მსხვერპლი ციხეებში დღემდე შეიძლება იყოს გამომწყვდეული, თქვენ არ იშურებთ ენერგიას, მაქსიმალური თანადგომა გამოხატოთ იმ სისხლიანი რეჟიმის ავტორებისადმი, რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში დამნაშავეებად ითვლებიან. ასეთი დამნაშავეები – ხონის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და მისი მოადგილე ბესარიონ ჭელიძე, ასევე დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე ისე შეიწყალეთ, რომ არც კი გაგიცნობიერებიათ ამ ძმების და მათი კლანის ავადსახსენებელი მმართველობა ხონის რაიონში, იქ, სადაც, ბობოხიძეებს სააკაშვილის პრეზიდენტობისას ყველა უკანონობა გასდიოდათ და აწიოკებული და დამონებული ჰყავდათ ხალხი“, – აცხადებს გურამ ადამაშვილი და საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესების გატარებისაკენ მოუწოდებს.
„იქნებ მეტად დაფიქრებულიყავით მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას. უფრო ადეკვატური იქნებოდა, ერთხელ მაინც გამოსულიყავით ავლაბრის რეზიდენციიდან, გასულიყავით ხალხში და მათი მოთხოვნების მიხედვით მიგეღოთ გადაწყვეტილებები. თუ შიში გაქვთ იმისა, რომ ვინმე წაგართმევთ სააკაშვილის აშენებულ სასახლეს, სადაც მყარად ხართ გამოკეტილი და სადაც, რამდენადაც მახსოვს, თავად ამბობდით შესვლაზე კატეგორიულ უარს და ეს შენობა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისთვის გინდოდათ გადაგეცათ… აღარ განვაგრძობ… მაოცებთ, ბატონო პრეზიდენტო!“, – მიმართავს გურამ ადამაშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს.