ემოციები და პირადი ტრაგედია, რომელიც ომს მოაქვს… ( ვიდეო)

„არ მეგონა, რომ ომი ჩემს სახლშიც მოვიდოდა, მაგრამ მოვიდა…“ – “დამსჯელი 14” ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ უკვე ომგამოვლილი ადამიანის მენტალურ ტოპოგრაფიას გვთავაზობს. დასაწყისში პერსონაჟი არც პოლიტიკურად ანგაჟირებული მოქალაქეა და არც დაუნდობელი, სასტიკი პიროვნება. ის ერთი ჩვეულებრივი, საკმაოდ ბანალური და ალბათ კონკრეტულ ღირსებებსაც მოკლებული ცოცხალი არსებაა. მოვლენათა თანამიმდევრობამ და ირგვლივ გამეფებულმა სისასტიკემ გამოავლინა ფანატიზმი, სიძულვილი, ანუ ის ბნელი ძალა, რომელიც აქამდე, შესაძლოა, უხილავად, მაგრამ მაინც არსებობდა მის სულში“.
რთული მონოსპექტაკლი და უფრო დიდი ტკივილი – ომი, რომლის მოტანაც მაყურებლამდე მსახიობმა ირაკლი სამუშიამ ნამდვილად შეძლო. ის არა მხოლოდ კარგი მსახიობი, კარგი მთხრობელიც არის. „სპექტაკლში „დამსჯელი 14“ თამაში რომ შემომთავაზა რეჟისორმა და პიესა წავიკითხე, ცოტა შემეშინდა. თითქმის ერთი თვე ვკითხულობდი და ვემზადებოდი. სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა. პირველი ჩვენებიდან არაფერი მახსოვს, ისე ვითამაშე და საკუთარი თავით უკმაყოფილოც ვიყავი. ნელ-ნელა ვცდილობ დავხვეწო და რაღაცები შევცვალო, რომ უკეთესად ვითამაშო…“ – ამბობს მსახიობი ირაკლი სამუშია.
დღეს ფოთის თეატრის სცენაზე კიდევ ერთი, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მონოსპექტაკლის პრემიერა „დამსჯელი 14“ შედგა. სპექტაკლი ადელ ჰაკიმის პიესის მიხედვით რეჟისორმა ბადრი წერედიანმა დადგა. მხატვარი – ილია საჯაია.
შეგახსენებთ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა და ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, საქართველოს რკინიგზა, კომპანია „ასკანელი“, ლუდსახარში „ზედაზენი“, „ბარამბო“, „სანდომი“, „ქართული ბრენდის დღე“, „სნო“, „გურჯაანის ნაყინი“, UTENOS, SVYTURYS 1784. მედიამხარდამჭერები არიან: საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“, აჭარის ტელევიზია, თამარიონი“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, რადიოსადგური harmony, GARB, MediaPrint.

804559_885676824814704_1500234922_n

11756609_885676804814706_1347884221_n

11758874_885676831481370_1829518505_n

11793369_885676821481371_933916187_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები