მამა ილია კარტოზიასადმი მიძღვნილი საღამო „ერთსულოვნებაში“

საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ”ერთსულოვნების” ღონისძიებათა დარბაზში არქიმანდრიტ ილიასადმი (კარტოზია) მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამოს ინიციატორი და იდეის ავტორი იყო მომღერალი ნაზი სარჯველაძე, რომელმაც ეს საღამო პროექტის – „ხსოვნა მამულიშვილს“ ეგიდით გამართა. საღამო საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“, კერძოდ კი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თამარ არჩუაძის ხელშეწყობით ჩატარდა.
რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დირექტორმა იზა ვეფხვაძემ წაიკითხა ნაწყვეტი სპექტაკლიდან „მოყვასისთვის შეწირულები“, რომელიც მიხეილ თამარაშვილს, გრიგოლ ფერაძეს, მამა ილია კარტოზიას და იოსებ ჟორდანიას ეძღვნება.
მამა ილიასადმი მიძღვნილი ახალი ლექსები წაიკითხეს პოეტებმა: მიმოზა ცანავამ, თამარ შაიშმელაშვილმა.
დარბაზში წაკითხულმა მამა ილიას დედის – მიმოზა ჯგერენაიას წერილმა: „ცა და ქვეყანა ჩამოიქცა ჩემთვის“ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე. ითქვა, რომ მამა ილია ჩვენი დროის გმირია, ვინც თავი გაწირა მოყვასისთვის. იგი იმ დიდებულ ქართველთა კოჰორტას შეემატა, რომელთა თავგანწირვით და ღვაწლით ამაყობს ერი.
საღამოს უძღვებოდა ირინე შიუკაშვილი. მუხიანის მეფე მირიანის და დედოფალ ნანას სახელობის მგალობელთა გუნდმა (რეგენტი ინგა ხაჩიძე) საგალობლები შეასრულა. საღამო დაასრულა ნაზი სარჯველაძემ სიმღერით „ვედრება“ (კომპოზიტორი გურამ ბზვანელი), კონცერტმეისტერი თინათინ ინაშვილი.
საღამოს ესწრებოდნენ მამა ილიას ძმა – ნიკა კარტოზია, მამა ილია კარტოზიას მეგობრები და ახლობლები.
შეგახსენებთ, რომ იტალიურ ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ ცეცხლი გაჩნდა, რასაც მსხვერპლი მოყვა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მამა ილია კარტოზიას დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.
„გარდაიცვალა ჩვენი მოძღვარი, არქიმანდრიტი ილია. გემს მოეკიდა ცეცხლი. მას შეეძლო გადარჩენილიყო, თუმცა თავისი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო. თვითონ ჩავარდა ზღვაში და ზღვაში დაიღუპა. ღმერთმა აცხონოს და ნათელში ამყოფოს მისი სული”, – განაცხადა პატრიარქმა.
მამა ილიას დაღუპვის ამბავი მთელი ევროპის ტელევიზიებმა გადასცეს. მან ბორან „ნორმან ატლანტიკის” კატასტროფის დროს გემბანი არ მიატოვა და ბევრ მგზავრს დაეხმარა, სამაშველო ნავში თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად ისევ გემბანზე დარჩა. მისი ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა. ზურგჩანთაში კი, რომელსაც სულ თან ატარებდა, ხატები აღმოჩნდა. გადარჩა მამა ილიას ჯვარი, რომელიც მის თმებში გაბლანდული იპოვეს. როგორც ბორნის სხვა მგზავრები იხსენებენ, კატასტროფის დროს მამა ილია მათ ამშვიდებდა და ყველანაირად ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაერჩინა.
საქართველოს პრეზიდენტმა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია „სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის, სამოქალაქო თავდადებისათვის“, სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა.
ქართველი მღვდელმსახური ილია კარტოზია, რომელიც ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ დაიღუპა 2014 წლის დეკემბრის ბოლოს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) განსაკუთრებული მამაცობისთვის დააჯილდოვა.
მამა ილია კარტოზია მცხეთის დავით აღამაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოშია დაკრძალული.

11169473_923292374396449_8591206009104472429_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები