იუსტიციის სამინისტრო საქმის გასაჩივრების პროცედურის გამარტივებას გეგმავს
სასამართლოს რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრებმა სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იმსჯელეს. იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებების პაკეტი წარმოადგინა, რომელიც ახლებურად არეგულირებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის საკითხებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები; საქართველოს საკონსტიტუციო, უზენაესი, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების, აგრეთვე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები; არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციები; სტუმრები აკადემიური წრეებიდან. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის − „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ − თანადგომით გაიმართა. სასამართლოს რეფორმის ჯგუფის წევრებმა სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო კოდექსებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელთა თანახმად, პირს უფლება ექნება, მიმართოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით, მიუხედავად იმისა, გასაჩივრებული საქმე მნიშვნელოვანია თუ არა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ან განსხვავდება თუ არა ამ კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. თუკი მოქალაქე ჩათვლის, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მის მიმართ უკანონოა, ეს გარემოება საკმარისი იქნება, რათა მას მიეცეს უზენაესი სასამართლოსთვის საკასაციო საჩივრით მიმართვის შესაძლებლობა.
მეორე ინიციატივა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა კანონით განისაზღვრება, განსხვავებით დღევანდელი პრაქტიკისაგან, როდესაც მოსამართლეთა რიცხვი უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერაა განსაზღვრული. გარდა ამისა, გაიზრდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობაც. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ცვლილებების მიზანი საქართველოს მოქალაქეებისათვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდა და მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობის უზრუნველყოფაა.