საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციას საპროტესტო ნოტა გადასცა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მეშვეობით რუსეთის ფედერაციას საპროტესტო ნოტა გადასცა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ქართული მხარის ინიციატივით საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შევიცარიის ელჩს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა 2015 წლის 10 ივლისს რუსეთის ფედერაციის მიერ გორის რაიონის სოფელი წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განლაგების შესახებ და დაგმო რუსეთის პროვოკაციული ქმედება, რომელიც ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.
შვეიცარიის მხარეს ასევე გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა და მისი რუსეთისთვის გადაცემის უზრუნველყოფა ეთხოვა. საუბრისას ბეხლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედება არ არის უბრალო ნაბიჯი და მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები