დავით ბერძენიშვილი: არ არის ვითარება ისე, თითქოს წინა ხელისუფლების დროს რუსეთი ვერაფერს ბედავდა
არ არის ვითარება ისე წარმოსაჩენი, თითქოს წინა ხელისუფლების დროს რუსეთი ვერაფერს ბედავდა და ახლა ბედავს, – განაცხადა საარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებების საპასუხოდ.
„მე ვერ წარმოვიდგენ, შეუძლებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ რამდენიმე დეპუტატმა მაინც, ვინც ბიუროზე და პლენარულ სხდომაზე საუბრობს, არ იცოდეს, რომ ის ბანერი, რაც დაიდგა, დაიდგა ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ახლა ნავთობსადენიც მოექცევა თურმე ოკუპანტის კონტროლირებად ტერიტორიაზე, არის ტყუილი. ტყული არ არის მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ეს არის ასეთი უცოდინრობა. მეეჭვება, ამდენი მაინც არ იცოდეთ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა რუსეთთან ძალიან მძიმე ურთიერთობების პირობებში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ევროკავშირში იტეგრირებისკენ ნაბიჯების გადადგმა. ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მძიმე ვითარებაში, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, მოახერხა ის, რომ არ არის მსხვერპლი იმ მძიმე საცხოვრებელ პირობებშიც კი. ბერძენიშვილის განმარტებით, ასევე აქტიურია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაც.
„როდესაც პარასკევს მომხდარ ქმედებებზე ორშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს ძალიან მკაფიო განცხადებას, ამის შემდეგ ილაპარაკო, რომ ქართული დიპლომატია არაფერს აკეთებს, რომ ქართული სახელმწიფო თურმე არ რეაგირებს, რომ ქართული სახელმწიფო, როგორც სერგო რატიანმა ბრძანა, თურმე მიჩუმათების პოზიციაზეა, ეს ტყუილია, იმიტომ, რომ ვერც სერგო რატიანს და ვერც დათო დარჩიაშვილს ვერ დავაბრალებ არაკომპეტენტურობას“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, განხორციელებული ქმედებების შედეგად კი, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.