პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფრანგ კოლეგას საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.
როგორც პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, ეროვნული დღესასწაული ძვირფასია ყველასთვის, ვინც იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს და აღიარებს მათ ცხოვრების მრწამსად.
“ბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს – ბასტილიის აღების დღეს.
14 ივლისი ის ღირსშესანიშნავი თარიღია, როდესაც ქართველი ხალხი და პირადად მე გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს მტკიცე მეგობრობას. დღევანდელი დღის მნიშვნელობა განუზომლად დიდია მსოფლიოს ისტორიაში. თქვენი ეროვნული დღესასწაული ძვირფასია ყველასთვის, ვინც იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს და აღიარებს მათ ცხოვრების მრწამსად. 14 ივლისი საფრანგეთის დემოკრატიული და ლიბერალური სახელმწიფოს აღმშენებლობის დაწყების სიმბოლოა. ეს არის მოდელი, რომელიც მაგალითს წარმოადგენს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს მსგავსად აშენებენ და აძლიერებენ საკუთარ დემოკრატიას. ბატონო პრეზიდენტო, ეს დღე კიდევ ერთხელ მაძლევს შესაძლებლობას, რათა გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენადმი, ასევე ფრანგი ხალხისადმი ამ რთულ პერიოდში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა მთელი გულით გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები თქვენ და თქვენს მშვენიერ ქვეყანას”, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.