ზვიად სიჭინავა: სიმართლე გითხრათ? კარგად დაჯექით -1500 ბილეთზე მეტი მოითხოვეს
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების კორპორატიულ მოთხოვნებზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, კომპანიებისა და სამთავრობო უწყებების მხრიდან ბილეთებზე დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა ფედერაცია ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.
„სიმართლე გითხრათ? კარგად დაჯექით -1500 ბილეთზე მეტი მოითხოვეს. რომელი კომპანიაა, არ გეტყვით. სამთავრობო უწყებებიც ითხოვენ გარკვეულ რაოდენობას. 4 ათასი ბილეთი გვაქვს და რაც მოგვწერეს უკვე, 11 ათასს გადააჭარბა. არის კომპანიები, რომლებიც 1500 ბილეთს ითხოვენ, მაგრამ უარი იქნება. თუ მე ამას დავთანხმდები, რომ ეს მოთხოვნები არათანაბრად დავაკმაყოფილო, გულშემატკივრის თვალში ცუდი კაცი ვიქნები. სათითაოდ გავივლი ყველა კომპანიას და არ მივცემ არცერთ კლუბს თუ ფედერაციას იმის უფლებას, რომ გარკვეული პრივილეგია ჰქონდეს“, – აღნიშნა სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ UEFA-ს 2015 წლის სუპერთასის მატჩი „დინამო არენაზე“ 11 აგვისტოს გაიმართება, სადაც ერთმანეთს „სევილია“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან.