ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს პროვოკაციად აფასებს

გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პროვოკაციად აფასებს.
“მე მინდა ყველას სიმშვიდისკენ მოგიწოდოთ, საჭირო არ არის ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა, მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს, მთავრობამ იცოდა, რას აკეთებდა და ჩვენ მიზანმიმართულად თანამიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას. მშვიდად, მაგრამ პრინციპულად და მტკიცედ უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი. ის ფაქტი,რომ ეს ტერიტორია მოქცეული იყო ოკუპანტების გავლენის ქვეშ და არ იყო ჩვენი კონტროლის ქვეშ, ეს, მე მგონი, ყველასთვის ცნობილია, ბანერების დადგმა შეიძლება შეფასდეს,როგორც პროვოკაცია. ეს აბსოლუტურად გაუმართლებელია იმ ფონზე, როცა ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ნამდვილად გვსურს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელო ბანერები აღმართეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს აბაშიძე-კარასინის ფორმატზეც გააკეთა კომენტარი. პრემიერ-მინისტრის თქმით, არც ფორმატის შეცვლა და არც ახალი ფორმატის შექმნა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები