პაატა ზაქარეიშვილი: სახელმწიფო მზადაა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას კუთვნილი მიწების დაკანონებაში დაეხმაროს
არავის არასდროს არ მოუმართავს ჩემთვის დასახმარებლად, მაგრამ სახელმწიფო მზადაა დაეხმაროს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას კუთვნილი მიწების დაკანონებაში, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრების დაფიქსირებით დაზარალებული მოსახლეობა სახელმწიფოს დახმარებას აქტიურად არ სთხოვს.
მინისტრი კი, მიმართავს მათ, რომ მოითხოვონ სახელმწიფოსგან დახმარება.
“მე როცა ადგილზე ჩავდივარ, ყოველთვის მითხოვია მოქალაქეებისთვის, რომ როცა წააწყდებით გარკვეულ პრობლემებს, მომმართეთ პირადად მე, რომ დაგეხმაროთ, რომ ვიყო შუამავალი, მაგრამ არავის არასდროს არ მოუმართავს. ასევე ვკითხულობ სხვა სტრუქტურაში, რამდენად აქტიურები არიან გამყოფი ხაზის გასწვრივ მოქალაქეები, რათა მოხდეს მათი საკუთრების დადასტურება და დაკანონება, მაგრამ ისევ და ისევ მესმის, რომ დიდი აქტიურობით არ გამოირჩევიან და არ ჩანს, რომ ისინი ამ მიმართულებით რაღაც გარკვეულ მოქმედებებს ახორციელებენ. საქართველოს სახელმწიფო მზად არის განსხვავებულ რეჟიმში მოემსახუროს ამ კატეგორიის მოსახლეობას”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.