“ავტომატით შეიძლება ნებისმიერი ავტომანქანა დაიცხრილოს, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადაადგილდება”

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პერიმეტრის გაკონტროლება დაიწყოს და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ბლოკსაგუშაგოები დადგეს. როგორც დავითაიამ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, აუცილებელია ბლოკსაგუშაგოების ჩადგმა და შეიარაღებული ძალების ჩაყენება სოფელ ორჭოსანთან, რათა რუსებმა შემდეგი ქმედებების განხორციელება ვერ მოახერხონ და ასევე მოხდეს მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებიან.
„რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით სიტუაცია ძალიან იძაბება, რადგანაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ანექსირებას აგრძელებს. არაერთხელ გამიფრთხიელებია მთავრობა, რომ მოსალოდნელი იყო, პირველ რიგში, ნავთობსადენის კონტროლქვეშ აყვანა, შემდეგი ნაბიჯი კი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის გზის გადაკეტვა იქნება. ფაქტობრივად, ეს გეგმა აგვისტოს ომის დროს განიხილებოდა, როდესაც რუსეთის ფედერაციის წარმნომადგენლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძველი რუკები გამოიტანეს, სადაც ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ბოლო წერტილი იყო ის გზა, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აერთებს. ამ ნაბიჯის გადასადგმელად მათ ხელს არაფერი არ უშლით, რადგანაც ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მოქმედებები არ ხორციელდება, საქართველოს მთავრობას სირაქლემას პოზიცია აქვს. მოვუწოდებ მთავრობას, ნუ ეშინიათ ნურაფრის, ამაზე უარესი არაფერი არ იქნება, ამაზე უარესი იქნება საქართველოს წელში გაწყვეტა, როდესაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ტრასა გადაიკეტება. აუცილებელია, დაიწყონ პერიმეტრის გაკონტროლება, დააყენონ ბლოკპოსტები, ასევე აუცილებელია ტრასის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადგანაც მოსახლეობა გადაადგილდება. საზღვრიდან 450 მეტრი კი ნიშნავს იმას, რომ ავტომატის ჯერით შეიძლება ნებისმიერი ავტომანქანა დაიცხრილოს, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილდება“, – განაცხადა დავითაიამ.
„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი რუსეთის მიერ ანექსიის გაგრძელებას საქართველოს ევროინტეგრაციას და 2016 წლის მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.
„მე ვუკავშირებ იმას, რომ ნატო-ს სავარჯშო ბაზები იქმნება, აქედან გამომდინარე, ვუკავშირებ იმას, რომ ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ არ შეცვლილა და ქვეყანა ამ მიმართულებით წინ მიდის, ასევე ვუკავშირებ იმასაც, რომ საქართველოში არჩევნები ახლოვდება“, – აღნიშნა დავითაიამ.
მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდგომ უფრო მეტი ტერიტორია დაიკარგა, ვიდრე უშუალოდ ომის პერიოდში, რადგანაც საქართველოს ხელისუფლება უმოქმედოა, რუსეთის ფედერაცია კი ომის რეჟიმში აგრძელებს თავის მოქმედებებს.
„თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, როცა საბრძოლო მოქმედებების შემდეგ ქართული სოფლები დაიკარგა, დღეს უფრო მეტი ტერიტორია იკარგება და ამის დათმობა წინააღმდეგობის გარეშე ხდება. რეალურად, დღეს ჩვენ საბრძოლო მოქმედენბებში ვართ, ეს ომი დამთავრებული არ არის, ამიტომ რუსეთი ომის რეჟიმიდან მოქმედებს, ჩვენ არ ვმოქმედებთ ომის რეჟიმიდან და გვაქვს პრობლემები“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, განხორციელებული ქმედებების შედეგად კი, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები