„ასე ერთად თუ ვიდგებით, არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაამარცხებს“
ასე ერთად თუ ვიდგებით, არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაამარცხებს, – ამის შესახებ თანდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.
მისი თქმით, ტრაგედიის დროს ქართველების ერთიანობა ყველაზე სასიხარულო იყო.
„ეს იყო დღე, როდესაც ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ეს არის საქართველო; ასეთია საქართველო კრიზისის დროს, ასე დგება ყველა ერთად, ასე შეუძლიათ ბრძოლა და ეს არის კარგი პასუხი ყველასთვის, ვისაც რაიმე განსხვავებული აზრი აქვს ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, ვისაც ჰგონია, რომ ადვილად მოგვერევა, ადვილად დაგვაჩოქებს, ადვილად გაგვწევს გვერდზე“,- განაცხადა ხიდაშელმა.
მინისტრის განცხადებით, ახალგაზრდები, რომლებიც ებრძოდნენ სტიქიას და შემდეგ სტიქიის შედეგებს, ჩვენს თვალწინ, ჩვენს რეალობაში დაბადებული გმირები არიან და მათთვის მადლობის გადახდა მნიშვნელოვანია.
„ეს მათ მოტივაციას უზრდის, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით და უკეთესად ემსახურონ სამშობლოს. მათი სახელები უნდა ვიცოდეთ და მათთან ერთად უნდა გავაგრძელოთ უკეთესი სამშობლოს შენება“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. 13 ივნისის სტიქიური მოვლენებიდან ერთი თვის თავზე დიდუბის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენა, სახელწოდებით – „13 ივნისი“ გაიმართა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მინისტრ თინათინ ხიდაშელსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.
მან მადლობის სიგელები საინჟინრო ბრიგადის სერჟანტს, ილია გოგიშვილსა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის კაპიტანს, ბესიკ ნადირაძეს გადასცა. ასევე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის პრემიერ-მინისტრის მადლობის სიგელი 2677 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა.
საინჟინრო ბრიგადის სერჟანტმა ილია გოგიშვილმა სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ის სამსახური, რომელიც ჩვენ, ქართულ ჯარს და სამოქალაქო საზოგადოებას გვქონდა დაკისრებული, ყველამ ერთად შევასრულეთ. მადლობას ვუხდი მთლიანად შეიარაღებულ ძალებს, იმ პირად შემადგენლობას, რომელმაც იქ სამუშაოები გასწია; ასევე, საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, მადლობის სიგელების გადმოცემისათვის“, – აღნიშნა სერჟანტმა.
ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო იმ ფოტოგრაფების ნამუშევრები, რომლებმაც სტიქიის დღეების ამსახველი უნიკალური ფოტომასალა შექმნეს.
გამოფენაში მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროს ფოტოგრაფებიც – ლაშა ბაგულიშვილი და ხატია ჯიჯეიშვილი. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.