დავით კერესელიძე – რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის ახალი ფორმატის შექმნა არ იგეგმება

„რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის ახალი ფორმატის შექმნა არ იგეგმება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის კომენტირებისას. კერესელიძის ინფორმაციით, ერთადერთი პოლიტიკური ფორმატი, რომელიც რუსეთთან გვაქვს, ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები. რაც შეეხება, პარალელურ, აბაშიძე-კარასინის ფორმატს, ის მხოლოდ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს. “პოლიტიკურ გადაწყვეტას რაც შეეხება, დღეს მიგვაჩნია, რომ ჟენევის საერთაშორისო ფორმატი არის ის ფორმატი, სადაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია და უფლება, ვესაუბროთ რუსულ მხარეს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, იმ საკითხებზე, რომელიც არის ჩვენთვის აქტუალური. რაიმე ახალი ფორმატის შექმნაზე არანაირი საუბარი არ არის, ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში ეს არ იგეგმება”, – განაცხადა დავით კერესელიძემ. ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ პოლიტიკური მიმართულებით რუსეთთან მძიმე ურთიერთობა გვაქვს და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მისი თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამ მიმართულებით სამუშაოდ შეიძლება არ გამოდგეს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მოვიფიქროთ სხვა რაიმე ფორმატი, იმისთვის, რომ პოლიტიკური მიმართულებით ურთიერთობების დალაგება მოვახერხოთ. კალაძის ინფორმაციით, ახალი ფორმატის შექმნაზე საუბარი სახელისუფლებო გუნდში აუცილებლად იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები