საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხზე გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შეხვდება

რუსული საჯარისო დანაყოფების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტს დღეს ექნება შეხვედრა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გიროგი მარგველაშვილი ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდება.

“საოკუპაციო ზოლის კიდევ ერთხელ გადმოწევა ყოვლად აღმაშფოთებელი პროვოკაციაა და საქართველოს პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით გამოთქვამს ძალიან ღრმა შეშფოთებას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ძალიან მნიშვნელოვანია მოვახდინოთ მხარდაჭერის როგორც შიდა, ისე გარე რესურსების მობილიზაცია. სწორედ ამ მიზნით, დღეს, 16:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტს ექნება შეხვედრა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლებთან, რადგან იცით, რომ ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის გარკვეული ნაწილი მოექცა საოკუპაციო ზოლს იქეთ. შეხვედრას დაესწრება ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანიც”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები