თინა ხიდაშელი: ეს მცოცავი ანექსია სახეზეა, 2008 წლიდან მოყოლებული
თავდაცვის მინისტრი გორის რაიონში ე.წ. რუსი ოკუპანტების მიერ საზღვრის გადმოწევის საკითხს ეხმაურება. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, გუშინ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, იმიტომ რომ ეს მცოცავი ანექსია 2008 წლიდან მოყოლებული სახეზეა.
“ქვეყნის 20% ოკუპირებულია და 2 კილომეტრით მეტს გადმოსწევენ საზღვარს თუ 20 მეტრით, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ იმავე ხაზის გაგრძელებაა, რაც ქვეყანაში დიდი ხანია ხდება. ეს არის ის, რაზეც ამდენი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად”, – განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე ინფორმაციით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომაც გვინდა, გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. “ჩვენი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ოკუპაციის, ძალმომრეობის, ძალადობისაგან თავის დაღწევის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ამ 20 მეტრს ან 2 კილომეტრს კი არა, იმ 20%-ს დაიბრუნებს და რუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ტრანსფარანტების თუ ტრაფარეტების, რასაც დგამენ ჩვენს მიწაზე, უკან, ოფიციალური საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრისკენ გადაწევა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.