ირაკლი ღარიბაშვილი: ეს ასეულობით გმირობის მაგალითია, რომელიც აუცილებლად შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

დიდმა ტრაგედიამ, რომელიც თავს დაგვატყდა, ჩვენი დიდი ძალა დაგვანახა, ჩვენი ერთიანობის, ჩვენი სოლიდარობის და კონსოლიდაციის ძალა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ექსპო ჯორჯიაში”, თბილისში მომხდარი სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენა “13 ივნისის” გახსნისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს მომხდარი ტრაგედია გაიხსენა და დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

“დღეს ერთი თვე გავიდა 13 ივნისიდან. ერთი თვე გავიდა იმ ტრაგიკული დღიდან, რომელმაც ყველა ჩვენგანი შეძრა. სტიქიისგან მიყენებული ყველანაირი ზარალი შეიძლება ანაზღაურდეს, მაგრამ ვერაფერი აანაზღაურებს ადამიანთა სიცოცხლეს და იმ ტკივილს, რაც მათი დაკარგვით მოგვადგა ყველას, პირველ რიგში, მათ ოჯახებს. კიდევ ერთხელ მინდა დიდი გულისტკივილით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და პატივი მივაგო მათ ხსოვნას.

უმძიმესი დღე იყო 13 ივნისი. დიდმა ტრაგედიამ, რომელიც თავს დაგვატყდა, ჩვენი დიდი ძალა დაგვანახა, ჩვენი ერთიანობის, ჩვენი სოლადარობის და კონსოლიდაციის ძალა. ჩვენ დავინახეთ, როგორ ვერთიანდებით მძიმე წუთებში. ჩვენ მომსწრენი გავხდით უამრავი ისტორიისა, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივი, ადამიანური და მოქალაქეობრივი იყო, მაგრამ სინამდვილეში ეს ასეულობით გმირობის მაგალითია, რომელიც აუცილებლად შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. შეუძლებელია თითოეული მათგანის ჩამოთვლა, თითოეული ისტორიის მოყოლა, ზოგის სახელიც კი არ ვიცით, მაგრამ ვიცით მისი ისტორია, სოლიდარობის და უდიდესი თანადგომის ისტორია. მეგობრებო, იმ მძიმე წუთებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს კონსოლიდაცია. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ბევრ მათგანს არც კი უნდა მადლობის მოსმენა, რადგან თვლის, რომ თავის მოვალეობას ასრულებდა, მე მაინც მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმ უმძიმეს დღეებში პირნათლად ასრულებდა თავის მოქალაქეობრივ, სამსახურებრივ მოვალეობას და ხალხს, ჩვენს დედაქალაქს ეხმარებოდა”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები