საგარეო უწყებაში დიპლომატებს კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებას გააცნობენ
ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებასთან დაკავშირებულ საკითხს, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში განიხილავენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იქნებიან მიწვეულნი. მათ ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ ვითარებაზე დეტალურ ინფორმაციას მთავრობის წარმომადგენლები მიაწვდიან. შეხვედრა 16:00 საათზეა დანიშნული. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, ხოლო განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.