საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სასაზღვრო ბანერის აღმართვას პროვოკაციად აფასებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონისა და ახალგორის სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სასაზღვრო ბანერების აღმართვას უკანონოს უწოდებს და ფაქტს კატეგორიულად გმობს. ამის შესახებ განცხადება „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ გააკეთა.
მისი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციასა და მაქსიმალურად გამწვავებას.
„ხელისუფლება აკეთებს მაქსიმალურს. მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე უკვე ესაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, რათა მოხდეს დაუყოვნებლივი რეაგირება“, – განაცხადა გიგიაძემ და კარასინი-აბაშიძის ფორმატზე ისაუბრა.
„დიალოგს და საუბარს ყოველთვის აქვს აზრი. ეკონომიკური თვალსაზრისით, ვფიქრობთ, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი იყო ნაწილობრივ შედეგიანი, ამაში იგულისხმება ნაწილობრივ ემბარგოს მოხსნა იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რომელიც არსებობდა 2006 წლიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, პოლიტიკურ ჭრილში, თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, არაფერი არ შეცვლილა. პირიქით, ჩვენ ვხედავთ სიტუაციის გაუარესებას. მავთულხლართების გაჭიმვას, მათ შემოჭრას ახალ ტერიტორიებზე, სიტუაცია პოლიტიკურად ძალიან რთულია. მდგომარეობა ძალიან რთულია ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენ ამას მაქსიმალური სიმწვავით დავაყენებთ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და კიდევ ერთხელ გავამახვილებთ ყურადღებას იმ გაუსაძლის მდგომარეობაზე, რომელიც ზოგადად არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და ევროპელ პარტნიორებს აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს აღმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები