განათლების საერთაშორისო ცენტრში ექსპერტთა საბჭო შეიქმნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი საჯარო მოხელეთა მომზადების სკოლა საჯარო სამსახურის განვითარებისა და საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთ ინსტრუმენტად უნდა იქცეს.
განათლების საერთაშორისო ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული სკოლის შექმნა საერთაშორისო პრაქტიკას დაეფუძნა, რადგან ევროკავშირის თითქმის ყველა წევრ სახელმწიფოში (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლატვია, ავსტრია, პოლონეთი) საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში ფუნქციონირებს საჯარო მოხელეთა გადამზადების სკოლა და მათი უმრავლესობა მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში შედის.
„ვითვალისწინებთ, რომ საქართველოში წლებია ფუნქციონირებს რამდენიმე სახელმწიფო თუ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებება და ტრენინგცენტრი, რომლებიც სახელმწიფო მმართველობასა და მომიჯნავე დარგებში კადრების პროფესიულ მომზადებას უზრუნველყოფენ. მათი გამოცდილების გაზიარებისა და კოორდინირებისათვის განათლების საერთაშორისო ცენტრში შეიქმნება ექსპერტთა საბჭო, მოხდება ქვეყანაში არსებული ყველა ანალოგიური რესურსის კონსოლიდირება, გაიწერება სამოქმედო გეგმა და თემატური და პროფილური მოდულების სწავლების პროცესში ჩაერთვებიან მსგავსი პროფილის მქონე დაწესებულებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა დაგვეხმარება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებაში. სკოლამ ფუნქციონირება “საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონის ამოქმედების პერიოდიდან უნდა დაიწყოს“ ,- აცხადებენ განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაციაში.