უკრაინაში კორუფციაში ეჭვმიტანილი პროკურატურის ორი მაღალჩინოსანი დააკავეს
უკრაინაში დაკავებულია გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის მოადგილე ვლადიმერ შაპაკინი და კიევის ოლქის პროკურორის მოადგილე ალექსანდრე კორნიეცი. ისინი თანხების გამოძალვაში და ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა მუსტაფა ნაიემმა დაწერა.
ნაიემის ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ჩინოვნიკებს საერთო ჯამში 500 ათასი დოლარი აღმოუჩინეს, ასევე ძვირფასი ქვები და ფასიანი ქაღალდები. კერძოდ, შაპაკინს კაბინეტში 130 ათასი დოლარი, სახლში 30 ათასი დოლარი და 22 ათასი ევრო, ასევე მეორე ბინაში აღმოუჩინეს 170 ათასი დოლარი და 500 ათასი გრივნა და სადეპოზიტო ანაბრები 800 ათასი გრივნის ოდენობით. ამოღებულია არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვია-წამალი. რაც შეეხება კორნიეცს, მას ჩხრეკის დროს 65 ბრილიანტის ქვა აღმოუჩინეს.
ოპერაცია გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყავრელიძის და უშიშროების სამსახურის უფროსის ვასილი გრიცაკის ხელმძღვანელობით ჩატარდა. ასევე ნაიემმა დაწერა, რომ საყვარელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „სახელმწიფო შენობაში უკანონო შეჭრის“ მუხლით. თუმცა საყვარელიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პრესსამსახურმა გენერალური პროკურატურის ორი მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.