ალექსის ციპრასი ტელეფონით ვლადიმერ პუტინს ესაუბრა
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, შედგა „საერთო ხასიათის მოლაპარაკება“. საუბარი საბერძნეთის მხარის ინიციატივით შედგა.
„ციპრასმა მიაწოდა რუსეთის პრეზიდენტს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპელ კრედიტორებთან კონტაქტები გრძელდება. ჩვენი მხრიდან გამოთქმული იყო საბერძნეთის საზოგადოების მხარდაჭერა კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის საკითხში“, – განუცხადა ჟურნალისტებს უშაკოვმა.
ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საბერძნეთს რუსეთისთვის ფინანსური დახმარების თხოვნით არ მიუმართავს. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საბერძნეთისთვის რუსეთის ფინანსურ დახმარებაზე საუბარი იმ შემთხვევაში, თუ ათენმა ევროპელ კრედიტორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, პესკოვმა აღნიშნა, რომ „ეს შეკითხვა საბერძნეთის ხელისუფლებას უნდა დაუსვათ“.
5 ივლისს საბერძნეთში რეფერენდუმი ჩატარდა, რომელზეც მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, დათანხმდეს თუ არა ევროპელი კრედიტორების მოთხოვნას. გამოკითხულთა უმეტესობამ უარი განაცხადა.