პოლიციამ ერევანში, ბაგრამიანის გამზირზე აქცია დაშალა

ერევანში, ბაგრამიანის გამზირზე პოლიციამ აქცია დაშალა. სამართალდამცველებმა ბარიკადების დემონტაჟი მოახდინეს და რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
პოლიციამ მომიტინგეები წინასწარ გააფრთხილა, რომ ადგილობრივი დროით 12.30-ზე მათ ბარიკადების დემონტაჟი უნდა დაიწყონ, წონააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია ამას თავად გააკეთებს. ბარიკადების დასაშლელად, რომელიც ნაგვის ბუნკერებისგან იყო აგებული, პოლიციას 10 წუთი დასჭირდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გამზირზე მჯდომარე აქცია დაიწყეს და პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ ვალერი ოსიპიანმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია დაკავებულთა რაოდენობა. სომხური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 40-დან 50-დე ადამიანი. პოლიციის უფროსი ამბობს, რომ ამ პირებს 3-4 საათის შემდეგ გაათავისუფლებენ.
ბარიკადების დაშლის შემდეგ რამდენიმე წუთში ბაგრამიანის გამზირზე მოძრაობა აღდგა, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში პარალიზებული იყო.
ერევნის ცენტრში საპროტესტო გამოსვლები დენის ტარიფის გაზრდის გამო მიმდინარეობდა. რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ ტარიფი არ მოიმატებს, ხოლო „სომხეთის ელექტროსისტემაში“ აუდიტორული შემოწმება ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები