ერევანში პოლიცია ბარიკადების დასაშლელად ემზადება
ერევნის პოლიცია სომხეთის დედაქალაქში, ბაგრამიანის გამზირზე ბარიკადის დასაშლელად ემზადება. ამჟამად პოლიციის სპეცრაზმი მომიტინგეთა და ბარიკადებს შორის განთავსდა.
რამდენიმე ათეულ მომიტინგესთან ერევნის პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე ვალერი ოსიპიანი მოვიდა. მან შეკრებილებს დადგენილება გააცნო, რომლის მიხედვით მათ ადგილობრივი დროით 12.30-დე ბარიკადი უნდა დაშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია ამას თავად გააკეთებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კი გამზირის გასწვრივ საბნები და ლეიბები გაშალეს და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. მომიტინგეები ამჟამად პოლიციასთან მოლაპარაკებას განაგრძობენ. დენის ტარიფის 16%-ით გაძვირების გადაწყვეტილების წინააღმდეგ ერევანში საპროტესტო აქციები 22 ივნისს დაიწყო. რამდენიმე დღის წინ კი სომხეთის პრეზიდენტმა „სომხეთის ელექტროქსელებში“ აუდიტის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.