ნიგერიაში ტერაქტების შედეგად სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა
ნიგერიაში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა და 67 დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ ადგილობრივი საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 16 დაღუპულის შესახებ. პირველი აფეთქება ქალაქ ჯოსის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა. მეორე შეტევის სამიზნე კი, რომელიც მეჩეთში მოხდა, სავარაუდოდ, სასულიერო პირი იყო. ერთ-ერთი თვითმხილველის ცნობით, მეჩეთთან სხვადასხვა მხრიდან რამდენიმე ავტომობილი მივიდა, შემდეგ გაისმა სროლის ხმა და აფეთქება.
ამ დროისთვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ნიგერიაში რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ მოქმედებს. მისი წევრები განათლების დასავლური მოდელის წინააღმდეგ გამოდიან და მთელ ქვეყანაში შარიათის შემოღებას მოითხოვენ. დაჯგუფებამ ნიგერიაში არაერთი ტერაქტი მოაწყო. 2009 წელს მისი გააქტიურების შემდეგ ნიგერიაში 13 ათასი ადამიანი დაიღუპა.