საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

2015 წლის ივნისში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა 9,3 %-ით გაიზარდა – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, 2015 წლის ივნისის თვე 496 758 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 9,3 %-ით მეტია.
“ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 197 537 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,4%); ბ) ტრანზიტი – 131 710 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 26,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 80%); გ) სხვა – 167 511 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,7%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -12%)”, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე 2 332 303 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 3,5%-ით მეტია.
“2015 წლის ივნისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-19,8%), აზერბაიჯანიდან (+15%), სომხეთიდან (+33%), რუსეთიდან (+47%) და უკრაინიდან (-5%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისშიც გამოირჩნენ ლიტვა, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლატვია და ნიდერლანდები (შესაბამისად 27%, 26%, 22%, 18%, 13% და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (110%) და ყაზახეთი (32%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 47% და 36%–იანი, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები 678%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 12%-იანი ზრდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები