„სახელმწიფომ მოსახლეობის ზარალი და მატერიალური ზიანი სრულად უნდა აანაზღაუროს“

საკრებულოს წარმომადგენელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა მერია დაზარალებული მოსახლეობის მიმართ საბჭოურ მიდგომაში დაადანაშაულა და დედაქალაქის მთავრობისგან მოსახლეობის მიღებული ზარალის სრულად ანაზღაურება მოითხოვა,- ამის შესახებ საკრებულოს წარმომადგენელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.

თამაზ შოშიაშვილის განმარტებით, მერიამ, ბიუჯეტის გაზრდის მიუხედავად, დაზარალებულებისთვის მიზერული თანხები გამოყო. „თბილისის საკრებულოს დაზარალებულთა დასახმარებლად პროექტი არ წარმოუდგენია, მერია დაზარალებულთა დახმარებას არ ჩქარობს. ეს პროცესი ძალიან გაჭიანურებულია. მათი მიდგომა ძალიან სუსტია.

თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან მხოლოდ 2,400 000 ლარი გამონახა სტიქიით დაზარალებულთათვის, მაშინ, როდესაც თბილისის ბიუჯეტი 44, 700 000 ლარით გაიზარდა. ეს ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაკმაყოფილდნენ. იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანებზე იზრუნონ, სახელდების პროექტებს განიხილავენ. როგორც აცხადებენ, დაზარალებულთა დაკმაყოფილებას მხოლოდ კერძო ბიზნესიდან და მოქალაქეებიდან მიღებული შემოწირულობებით აპირებენ და ბიუჯეტიდან მხოლოდ ინფრასტრუქტურას აღადგენენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ბიუჯეტი რომელიმე პარტიისა და ორგანიზაციის საკუთრება არ გახლავთ, ეს მოსახლეობის თანხებია. როდესაც დედაქალაქში ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები გვყავს, რომელიც სტიქიამ გაანადგურა , სწორედ ბიუჯეტი უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად ეს ადამიანები დაკმაყოფილდნენ. სახელმწიფომ მათი ზარალი უძრავ და მოძრავ ქონებად არ უნდა დაყოს. მატერიალური ზიანი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამბობენ, რომ მაქსიმუმს აკეთებენ, მაქსიმუმის გაკეთება არ არის, როცა ადამიანები სასტუმროებში ცხოვრობენ და არანაირი პირობები არ აქვთ“,- აღნიშნა შოშიაშვილმა.

საკრებულოს წარმომადგენელი სულადობის მიხედვით კვადრატულობის გათვლის საკითხსაც შეეხო. შოშიაშვილის მოსაზრებით, მოსახლეობას არა მარტო კვარდატები, არამედ მთლიანად მიღებული ზარალი უნდა აუნაზღაურდეთ.

„არავის აქვს უფლება, გაყოს სულადობის მიხედვით ადამიანების ქონება, სახელმწიფო ვალდებულია, ამ ადამიანებს სრულად აუნაზღაუროს დანაკარგი, ქონება უძრავ და მოძრავ ქონებად არ უნდა დაიყოს. ჩვენ ამ სახით წარმოდგენილ პროექტს მხარს არ დავუჭერთ. სულადობის და რაიმე სხვა ნიშნით მოქალაქეების დაყოფას ვერ დავუჭერთ. ეს არის დისკრიმინაციული დაყოფა. ის თანხები, რომლებიც დასახელდა, კატეგორიულად მიუღებელია და ვერცერთი ოჯახი ვერ შეძლებს შესაბამისი ანაზღაურების მიღებას, თუ ეს წესი დაამტკიცა საკრებულომ. ეს მავნებლობა და ტრამვა იქნება იმ ადამიანების მიმართ. მათი დანაკარგი რეალურად უნდა ანაზღაურდეს და არა სიმბოლურად. სულადობის მიხედვით ანაზღაურება სიმბოლური ანაზღაურებაა. ესაა საბჭოური და არაადეკვატური მიდგომა“,- განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები