ევროკავშირის ახალი პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კულტურის სფეროში

აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამა ევროკავშირმა 2015 წლის ივნისში დაიწყო. პროგრამის მიზანია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა, ხელი შეუწყოს კულტურული და შემოქმედებითი სექტორის მონაწილეობას და კონტრიბუციას ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური სფეროების განვითარებაში.
„პროგრამა ცვლილებებს შეიტანს რეგიონში სახელმწიფო სტრუქტურებსა და კულტურის სფეროს მნიშვნელოვან წარმომადგენლებს შორის ოცდამეერთე საუკუნის კულტურის კონცეფციის შესახებ მიმდინარე დისკუსიაში. პროგრამა ხელს შეუწყობს გააზრებას იმისა, თუ რამდენად პოზიტიური გავლენა შეუძლიათ იქონიონ შემოქმედებითმა ინდუსტრიებმა დასაქმებაზე, პატარა და საშუალო ბიზნესების განვითარებასა და მუნიციპალიტეტების და სოციალური ჩართულობის როლზე“, – ამბობს ევროპული კომიტეტის დირექტორატის გაფართოების მოლაპარაკებების პროგრამის მენეჯერი რენათე უთშმიდი.
კულტურის რეგიონალური პროგრამა სამწლიანია და მისი ბიუჯეტი შეადგენს 4.2 მილიონ ევროს. იგი ფოკუსირებული იქნება თითოეული მონაწილე ქვეყნის ინტერესებზე და საჭიროებებზე; ამის უზრუნველსაყოფად თითოეულ ქვეყანაში უკვე არიან პროგრამის კოორდინატორები.
პროგრამა ფოკუსირებული იქნება ოთხ ძირითად მიმართულებაზე, კერძოდ ესენია: მტკიცებულებების შეგროვების კვლევითი მექანიზმების განვითარება, სფეროს პროფესიული განვითარება, ცნობიერების, ინფორმირებულობის ამაღლება და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების შესაძლებლობების შეთავაზება. პროგრამის ფარგლებში დამუშავებულ თემებს შორის იქნება, პროექტის მენჯმენტი (დაგეგმარების, ორგანიზების და კოორდინაციის პროცესი), ლიდერობა კულტურის სფეროში, კულტურული და სტატისტიკური კვლევები, კულტურის ადვოკატირება, ფინანსების მოზიდვა, კულტურის სფეროს ჟურნალისტიკა და კომუნიკაციის სფეროს პროფესიონალიზმის ამაღლება. პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ვორქშოფები, ინტენსიური ტრეინინგები, ონლაინ სასწავლო პლატფორმები, სასწავლო ვიზიტები და პარტნიორობის ხელშეწყობის ღონისძიებები (მაგ, ბაზრობები), რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ხელისუფლებისა და საზოგადოების, ასევე საზოგადოებრივი და კერძო სექტორების წარმომადგენლების ერთად შეკრება დისკუსიებში ჩასართავად და პოზიციების შესაჯერებლად.
„სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნეს სექტორის კულტურის სფეროში თანამშრომლობა აუცილებლობაა ყველა თანამედროვე სახელმწიფოსთვის. ამის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ ინკლუზიური და ერთობლივად ჩამოყალიბებული ეროვნული პოლიტიკით, რომელშიც ნათლადაა ჩამოყალიბებული კულტურის როლი პოზიტიური ცვლილებების განხორციელების საქმეში“, – ამბობს პროგრამის ხელმძღვანელი ტერი სანდელი.
კულტურის და შემოქმედებით სექტორში შედის არქიტექტურა, არქივები, ბიბლიოთეკები და მუზეუმები, ხალხური შემოქმედების სფერო, აუდიო-ვიზუალური სექტორი (კინო, ტელევიზია, ვიდეო თამაშები და მულტიმედია), სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, დიზაინი, ფესტივალები, მუსიკა, ლიტერატურა, საშემსრულებლო ხელოვნება, საგამომცემლო საქმე, რადიო და ვიზუალური ხელოვნება. ეს ყველაფერი ერთად ევროპაში ქმნის 8.3 მილიონ სამუშაო ადგილს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიები უფრო სწრაფად ვითარდება ვიდრე სამრეწველო და სამომხმარებლო ინდუსტრიები. სერიოზული სატენდერო კონკურსის შედეგად აღმოსავლეთ ევროპის კულტურის პროგრამას განახორციელებს კონსორციუმი ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედიან მოლდოვის სოროსის ფონდი, პოლონეთის კულტურის ეროვნული ცენტრი და გოეთეს ინსტიტუტი. აღნიშნული პროგრამა დაფუძნებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამაზე (2011-2014), რომელიც შედგებოდა, როგორც ტექნიკური დახმარების, ისე საგრანტო პროექტებისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები