ირაკლი მანაგაძისთვის უცნობია, განიხილება თუ არა ქადაგიძის შემცვლელად მისი კანდიდატურა

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომელია და საქართველოს ერვონულ ბანკში მის შესაძლო დაბრუნებაზე ინფორმაციას არ ფლობს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიორგი ქადაგიძეს, სავარაუდოდ, ირაკლი მანაგაძე შეცვლის. „კომერსანტის” ინფორმაციით, მანაგაძე მზადაა, დატოვოს ლონდონი, სადაც პოლიტიკის საკითხებში EBRD-ის საფინანსო ინსტიტუტების დეპარტამენტის უფროს მრჩევლად მუშაობს და კიდევ ერთხელ ჩაუდგეს სათავეში ეროვნულ ბანკს. არსებული მონაცემებით, მანაგაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს საბანკო წრეებში. ასევე დადებითადაა მის მიმართ განწყობილი ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.
მანაგაძემ კი „რეპორტიორს” განუცხადა, რომ ის ამ დრომდე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომელია და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„არ მაქვს ინფორმაცია, სად და ვის მიერ განიხილება ჩემი კანდიდატურა. მოგეხსენებათ, საქართველოში არ ვიმყოფები, შესაბამისად, რაიმე კონკრეტული საუბრები ამ თემასთან დაკავშირებით, პირადად ჩემთან არ ყოფილა. ზოგადად, ყველა ადამიანს სურს, თავისი ცოდნა და გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმაროს, თუმცა, ამ ეტაპზე მე ვარ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომელი და რაიმე სხვა სახის მოარული ხმების დადასტურება გამიჭირდება”, – განაცხადა მანაგაძემ.
ირაკლი მანაგაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1998 წლის მარტიდან 2005 წლის მარტამდე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები